კალათბურთი

13:16 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 9 ქულა და მარცხი ნევადაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თორნიკე შენგელიამ “ბრუკლინ ნეთსიდან” განვითარების ლიგის ბინადარ “სპრინგფილდ არმორში” მორიგი განათხოვრების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

სპრინგფილდელები ნევადურ “რენო ბიგჰორნსთან” გასვლით მატჩში უიმედოდ დამარცხდნენ (121:79), ქართველმა კალათბურთელმა კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 27:22 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

შენგელიამ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

“არმორმა” 4 მოგების წილ მე-12 მარცხი განიცადა და განვითარების ლიგის აღმოსავლეთ დივიზიონში მე-4 ადგილზე იმყოფება. სპრინგფილდელები მორიგ შეხვედრას 10 იანვრის დილას “აიოვა ენერჯის” წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

ამასობაში, “ბრუკლინმა”, რომელიც საშინელი სტარტის შემდეგ ნელ-ნელა ფორმაში შედის, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში იმარჯვა. “ნეთსმა” შინაურ კედლებში “გოლდენ სტეიტ უორიორსი” მიიღო და მეტოქე, რომელსაც ზურგს მიჯრით 10-მატჩიანი მოგებათა სერია უმაგრებდა, 102:98 დაამარცხა.

მასპინძელთა თავკაცმა ჯეისონ კიდმა მხოლოდ 9 კალათბურთელი დატვირთა, რომელთაგან საუკეთესო ჯო ჯონსონი გახლდათ 27 ქულით. ენდრიუ ბლატჩმა 17 ქულა ჩააგდო, კევინ გარნეტმა და შონ ლივინგსტონმა 13-13, ხოლო ბოსნია-ჰერეცგოვინის ნაკრების ლიდერ მირზა ტელეტოვიჩს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა – 8 ქულა, 10 მოხსნა.

“ნეთსმა” 21 მარცხის წილ უკვე მე-14 გამარჯვება იზეიმა და ატლანტის დივიზიონში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-8 საფეხურზეა. ბრუკლინელები შემდეგ შეხვედრას 11 იანვრის დილას ფლორიდაში “მაიამი ჰითთან” გამართავენ.

0.12457