კალათბურთი

2:45 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 2 ქულა და 3 პასი ლონდონურ 8 წუთში

როგორც უკვე ვიუწყებოდით, თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსი” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგი მატჩის ჩასატარებლად ლონდონს ეწვია და O2 Arena-ზე ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბი “ატლანტა ჰოუქსი” 127:110 დაამარცხა.

შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა, ამდენად, ბრუკლინელთა თავკაცმა ჯეისონ კიდმა დასკვნითი წუთები სათადარიგო კალათბურთელებს დაუთმო.

შენგელიამ მოედანზე დასკვნითი 8:01 წუთი გაატარა და უშეცდომოდ გაისარჯა: ერთადერთი ორქულიანი ზუსტად სტყორცნა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.

“ნეთსმა” “ჰოუქსი” მოხსნებში 40:28 დაჯაბნა, უფრო მეტად კი პერიმეტრიდან შეტევებით გააწვალა. ბრუკლინელებმა მეტოქეს 16 სამქულიანი ჩაუგდეს, განსაკუთრებით კი თავი ჯო ჯონსონმა გამოიჩინა, რომელმაც 8-დან 6 შორეული ტყორცნა გამოიყენა და ჯამში 29 ქულა მიითვალა.

ჩინებულად გამოიყურებოდა ენდრიუ ბლატჩიც, რომელმაც 20 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი მიითვალა და “ნეთსს” ორმაგი დუბლი შეაწია, ხოლო ატლანტელებს 17-17 ქულით მაიკ სკოტმა და შელვინ მაკმა ულიდერეს.

“ჰოუქსის” ერთ-ერთმა ლიდერმა კაილ კორვერმა 8-დან ერთადერთი შორეული სროლა გამოიყენა, თუმცა, ეს, მისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ კორვერი თუნდაც ერთ სამქულიანს ზედიზედ 108-ე მატჩია აგდებს, რაც ნბა-ს ყველა დროის რეკორდია.

აქვე მოგახსენებთ, რომ გასულ შეხვედრას პრემიერლიგაში მოთამაშე არაერთი ცნობილი ფეხბურთელი დაესწრო. მათ შორის: ედენ აზარი, ლუკაშ პოდოლსკი, პერ მერტესაკერი, ლუკაშ ფაბიანსკი, დავიდ ლუიზი, ასმირ ბეგოვიჩი, ედინ ძეკო, დემბა ბა, დარენ ბენტი, სტივ სიდველი, ჯერმეინ დეფო, კლინტ დემპსი, ოლივიე ჟირუ, ნანი, ჯეკ უილშირი, ანდრე შურლე. 

“ბრუკლინმა” 22 მარცხის ფონზე მე-16 გამარჯვება იზეიმა და ატლანტის დივიზიონში მე-2 ადგილზე რჩება, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვეა. “ნეთსი” მომდევნო მატჩს 21 იანვრის დილას ნიუ იორკის “მედისონ სქვერ გარდენში” “ნიქსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.119833