უნგრეთის ნაკრებთან თორნიკე შენგელიას ჩინებული თამაში შეუმჩნეველი არც ფიბა-ევროპას დარჩენია. 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში თოკომ ძალიან შედეგიანად იასპარეზა და გერმანელ დენი შრიოდერთან ერთად, მთელს ტურში საუკეთესო ეფექტურობის კოეფიციენტი აღმოაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უნგრელები 79:59 დაამარცხა, შენგელიამ კი 29 წუთში 26 ქულა (ეროვნულ ნაკრებში მისი საუკეთესო მაჩვენებელი), 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან 16-დან 11 ტყორცნა (ორივე სამქულიანი ჩააგდო) გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, თოკოს კოეფიციენტმა 32-ს უწია.
შეგახსენებთ, რომ გასული მატჩის ბოლოს შენგელია უხერხულად დახტა, კოჭი დაიშავა და მოედანი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა. პირველადი გამოკვლევით, ქართველი კალათბურთელის ტრავმა სერიოზული არ გახლავთ. მას მოტეხილობა არ დაუდგინდა და ცხადია, პორტუგალიასთან თამაშს გამოტოვებს, ორი-სამი კვირაზე მეტით დასვენება არ უნდა ემუქრებოდეს.
გასულ ტურში თორნიკეს დარი მაჩვენებელი ჰქონდა შრიოდერსაც, რომლის ნაკრებმაც ავსტრიას 88:69 სძლია, დენისმა კი 26 წუთი 24 ქულა, 3 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, თანაც 10-დან 10 საჯარიმო გამოიყენა.
მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშეთა ნუსხას ქვემოთ გაეცნობით.