სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:25 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია სამ წუთამდე დატვირთეს

თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსმა” ნბა-ში მორიგი მატჩი ჩაატარა და წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ქართველი კალათბურთელი მოედანზე ვიხილეთ, თუმცა, მხოლოდ სიმბოლურად.

ბრუკლინელები მშობლიურ “ბარკლაის სენთერში” “ჩიკაგო ბულზს” დაუხვდნენ და უშანსოდ – 78:95 დამარცხდა. თამაშის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 20:36 დათმეს.

“ნეთსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა განვითარების ლიგის წევრ “სპრინგფილდ არმორიდან” დაბრუნებული შენგელია და ტაიშუან ტეილორი, საფინალო სირენამდე 02:52 წუთით ადრე, შესაბამისად, ჯო ჯონსონის და დერონ უილიამსის ნაცვლად შეუშვა.

აღნიშნულ დროში თორნიკემ შეტევაში ბურთი ერთხელ მოხსნა და ერთი შეცდომაც დაუშვა, მეტოქის ფარისთვის კი არ შეუტევია.

ბრუკლინელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები ხსენებული უილიამსი და ბოსნიელი მირზა ტელეტოვიჩი იყვნენ, 18 და 17 ქულით, ჩიკაგოელთაგან კი 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 6 მოთამაშე გადასცდა, ხოლო მათ შორის საუკეთესო ტაჯ გიბსონი იყო – 20 ქულა, 8 მოხსნა.

“ნეთსმა” 9 მოგების წილ მე-19 მარცხი განიცადა და ატლანტის დივიზიონში მე-4 ადგილზეა, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-12 პოზიციაზე იმყოფება. ბრუკლინელები მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბრის დილას ისევ შინ ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

და ერთიც. "ბულზთან" მატჩის მიწურულს "ნეთსის" ქომაგთა უმრავლესობა სკანდირებდა "Fire Kidd", რითაც გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან განთავისუფლებას მოითხოვდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11378