თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ბასკური კლუბი კატალონიური ვალე დ’არანის მხარის უმთავრეს დასახლება ვიელას ესტუმრა და მორიგი ციკლი 974 მეტრ სიმაღლეზე გაიარა.
სასიხარულოა, რომ გუნდთან ერთად იმყოფება ქართველი კალათბურთელიც, თუმცა, მას ტრავმა ისევ აწუხებს და მხოლოდ ყავარჯნებით გადაადგილდება. შეგახსენებთ, რომ წინასწარი ვარაუდით, “თოკოს” კიდევ რამდენიმე კვირა გაუცდება და ესპანური სეზონის სტარტსაც გამოტოვებს.
ცხადია, შენგელია მონაწილეობას ვერ იღებს “ლაბორალ კუჩას” საკონტროლო მატჩებშიც, არადა, ბასკებმა უკვე 4 თამაში ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ ერთში იმარჯვეს. ქართველი ფორვარდის კლუბმა “გიპუზკოა ბასკეტთან” 52:67 წააგო, შემდეგ ვიქტორ სანიკიძის და გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” 63:64 დამარცხდა და “ხუვენტუტთანაც” წაიფორხილა – 66:69. ბასკებმა ერთადერთი გამარჯვება “მურსიასთან” იზეიმა – 73:64.
ქართველს ვერ ვიხილავთ ახალ ევროამერიკული თასისთვის ბრძოლაშიც, რომლის ეგიდითაც “ლაბორალ კუჩა” სამხრეთ ამერიკაში ჩავა და 19 და 21 სექტემბერს, შესაბამისად, ურუგვაულ მონტევიდეოში და არგენტინულ მარ დე პლატაში, “აგუადას” და “პენაროლს” გაეჯიბრება.
26-27 სექტემბერს “ლაბორალ კუჩა” ესპანეთის სუპერთასისთვის იბრძოლებს, სადაც მის გარდა “რეალი”, “ბარსელონა” და “ვალენსია” ითამაშებენ. ბასკებს დასკვნითი მოსამზადებელი შეხვედრა რუსულ “ხიმკისთან”
ცნობისთვის, უშუალოდ ესპანური საკალათბურთო ლიგა სტარტს 5 ოქტომბერს იღებს, ბასკური კლუბი კი პირველ ტურში სტუმრად “ბარსელონას” ეთამაშება. რაც შეეხება ევროლიგას, აქ “ლაბორალ კუჩა” საწყის მატჩს, 15 ოქტომბერს შინ, ლიტვურ “ნეპტუნასთან” გამართავს.