საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც ახალი სეზონში ესპანური “ლაბორალ კუჩას” მაისურით ითამაშებს, ახალ კლუბს დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ შენგელია 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, უნგრეთთან თბილისურ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. ვიტორიაში ჩასულ ქართველ ფორვარდს მუხლქვეშა მყესის დაჭიმულობა დაუდგინეს, რაც თვენახევრიან უქმობას ნიშნავს.
“ლაბორალ კუჩას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შენგელია კლუბის ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, რათა თორნიკე მწყობრში რაც შეიძლება მალე ჩადგეს.
ცნობისთვის, შენგელიას გუნდმა პირველი მოსამზადებელი მატჩი უკვე გამართა და “გიპუზკოა ბასკეტთან” 52:67 წააგო, მომდევნო თამაში კი 9 სექტემბერს გიორგი შერმადინის და ვიქტორს სანიკიძის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ელის.
ესპანური საკალათბურთო ლიგა სტარტს 5 ოქტომბერს იღებს, ბასკური კლუბი კი პირველ ტურში სტუმრად “ბარსელონას” ეთამაშება. რაც შეეხება ევროლიგას, აქ “ლაბორალ კუჩა” საწყის მატჩს, 15 ოქტომბერს შინ, ლიტვურ “ნეპტუნასთან” გამართავს.
სამწუხაროდ, შენგელია უეჭველად დააკლდება ესპანეთის სუპერთასის გათამაშებას, რომელიც 26-27 სექტემბერს შედგება და ბასკების გარდა, ტიტულისთვის “რეალი”, “ბარსელონა” და “ვალენსია” იბრძოლებენ.
ქართველს ვერ ვიხილავთ ახალ ევროამერიკული თასისთვის ბრძოლაშიც, რომლის ეგიდითაც “ლაბორალ კუჩა” სამხრეთ ამერიკაში ჩავა და 19 და 21 სექტემბერს, შესაბამისად, ურუგვაულ მონტევიდეოში და არგენტინულ მარ დე პლატაში, “აგუადას” და “პენაროლს” გაეჯიბრება.