“მანჩესტერ სიტის” კოტდივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე, რომელიც ორიოდე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მსვლელობისას, მოსკოვის ცსკა-ს გულშემატკივრების მხრიდან რასისტული თავდასხმების მსხვერპლი გახდა, ფიფას აფრთხილებს, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, შავკანიანმა ფეხბურთელებმა 2018 წელს რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ.
სტადიონ “ხიმკიზე” 2:1 მოგებული შეხვედრის დასრულებისთანავე, 30 წლის აფრიკელმა განაცხადა, რომ რასისტულ შეურაცხყოფებს უყურადღებოდ არ დატოვებდა. რუსი გულშემატკივრების უმსგავსო საქციელი, უეფას დელეგატის მოხსენებაშიც შევიდა და “ქალაქელებმა” უეფა-ში ოფიციალური საჩივრის წერილიც აფრინეს.
სანამ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სიტუაციაში გარკვევას დაიწყებს, თავად ტურე უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ თუ რუსეთში რასიზმთან დაკავშირებული სიტუაცია უცვლელი დარჩება, შავკანიანი ფეხბურთელები, პროტესტის ნიშნად, 2018 წელს რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებენ.
უეფას მხრიდან, ცსკა-ს სტადიონის დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 50 ათასი ევროს გადახდა ემუქრება, მაგრამ ტურე ამითი არ კმაყოფილდება და ფიფასგან მოითხოვს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში რასიზმის პროფილაქტიკით თავად დაკავდეს და პრობლემა სამუდამოდ აღმოფხვრას.