ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-5 ტური ძალიან წარუმატებელი გამოდგა ქართველი ქალი მოჭადრაკეებისთვის. თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ტურნირის მე-5 დღეს, 11 ქართველი მოჭადრაკიდან გამარჯვებას ვერცერთმა (!) მიაღწია.
შედეგად, ქართველები ლიდერთა ჯგუფს, რომელშიც 4.5-4.5 ქულით ფრანგი მარი სებაგი (2512), რუმინელი კრისტინა-ადელა ფოისორი (2398) და უნგრელი ტან ტრანგ ჰოანგი (უნგრეთი) შედიან, უკვე ქულით ჩამორჩნენ. ჩვენებურთაგან საუკეთესო მაჩვენებელი (3.5 ქულა) ნინო ხურციძეს (2447), ლელა ჯავახიშვილსა (2448) და ნაზი პაიკიძეს (2406) გააჩნიათ, რომლებიც შესაბამისად მე-12, მე-18 და მე-20 ადგილებზე იმყოფებიან.
ევროპირველობაზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 23. სოფიკო გურამიშვილი (2395) – 3.0; 28. ნინო ბაციაშვილი (2438) – 3.0; 34. მერი არაბიძე (2337) – 3.0; 36. ბელა ხოტენაშვილი (2490) – 3.0; 37. სალომე მელია (2400) – 3.0; 42. სოფიო გვეტაძე (2334) – 3.0; 51. ნანა ძაგნიძე (2559) – 2.5; 63. მირანდა მიქაძე (2329) – 2.5;
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე, 2-13 მარტის ჩათვლით, მონაწილეები ერთმანეთს 11 ტურად შეეჯიბრებიან, 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი) დაეთმობა, ხოლო 17-18 მარტს უძლიერესები ბლიცში გამოვლინდებიან. ტურნირის საპრიზო ფონდი კლასიკურ ჭადრაკში 106 000 ევროა, ხოლო რაპიდსა და ბლიცში 10-10 ათასი.