საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი სრული დატვირთვით ვარჯიშს დაახლოებით სამ კვირაში შეძლებს. შეგახსენებთ, ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ბუდაპეშტის გრან პრის ფინალში მუხლის ტრავმა მიიღო და სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებამდე იყო საშიშროება, აგვისტოს ბოლოს ჩელიაბინსკში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში მონაწილეობა ვეღარ მიეღო, მაგრამ ტრავმა შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა.
შავდათუაშვილს გამოკვლევა უნგრეთიდან ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა ნაკრების ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის კომენტარი გამოაქვეყნა:
„ლაშას შეხვედრის დროს დაეჭიმა მუხლის კვირისთავის იოგი, რამაც გამოიწვია ტკივილი და სისხლჩაქცევა. უკვე ჩავუტარეთ სრული გამოკვლევა და შემიძლია დავამშვიდო გულშემატკივრები, რომ იგი საოპერაციო არ არის. მსგავსი ტრავმა ადრეც ჰქონდა. ახლა სჭირდება დასვენება, ამავე დროს მკურნალობა და რეაბილიტაცია. ლაშა შავდათუაშვილი ამჟამად გადის ფიზიოთერაპიის კურსს. სრული დატვირთვით ვარჯიში კი დაახლოებით სამ კვირაში იქნება შესაძლებელი" – აცხადებს ზურაბ კახაბრიშვილი.