ჭიდაობა

1:12 | 22.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

შავაძის ოქროსფერი დღე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა ირაკლი შავაძემ პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჭაბუკმა საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. ბერძენ პეტროს სისმანიდისს აუღელვებლად აჯობა. თურქ აჰმეთ ილიჩილისთან სამსეტიანი დაძაბული ბრძოლა გადახდა. რუს რასულ მაგომედოვსა და სომეხ გეგრამ ტორგომიანს კი ორ-ორ სეტში გაუსწორდა.
ხალიჩაზე ვაჟა კრავეიშვილის გუნდის კიდევ ოთხი წევრი გავიდა და სამ მათგანს კვარცხლბეკამდე თითო ნაბიჯიღა დააკლდა. თემურ შავაძემ (42 კგ), თემურ კვაჭაძემ (58 კგ) და ნუკრი შავაძემ (69 კგ) რეპეშაჟის ფინალში იჭიდავეს, სამივემ წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილებს დასჯერდნენ. ნიკოლოზ კახელიშვილი (85 კგ) კი მეოთხედფინალში დამარცხდა და რადგან ფინალს ვერც მისმა მომგებმა უწია, დამამშვიდებელი ეტაპისკენ მიმავალი გზაც ჩაეკეტა და მე-8 ადგილზე გავიდა.
დღეს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ბერძენ-რომაელთა დარჩენილ ხუთ წონაში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: რამაზ ზოიძე (46 კგ), გიორგი ხუჭუა (54 კგ), მურთაზ ჩაბრავა (63 კგ), ნიკა გავაშელი (76 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ).

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.117763