საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ბრინჯაოს მედლით გახსნა. სულ კი, გუშინ სარაევოს ხალიჩაზე 5 ქართველი გავიდა. ჩემპიონ-პრიზიორები 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ვაჟა კრავეიშვილის გაწვრთნილი გუნდიდან კვარცხლბეკზე ედნარ შავაძე (42 კგ) და რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) ავიდნენ.
უმსუბუქეს წონაში კენჭისყრამ 17 მონაწილედან 15 პირდაპირ მე-2 წრეში განთესა. შავაძეს კი პირველი წრის გადასალახად ლატვიელი ნიკიტა მასიუკის დამარცხება დასჭირდა. შემდეგ მომავალ ჩემპიონს - აზერბაიჯანელ კარიმ ჯაფაროვს დაეჭიდა და წაგებით რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უკრაინელი რომან პაცურკივსკი და თურქი ალპასლან გისი ომერი ჩამოიცილა და ნაკრებს პირველი ბრინჯაო მოუტანა.
რობერტ ქობლიაშვილიც მე-2 წრიდან დაემშვიდობა ძირითად ბადეს და ისიც მომავალ ჩემპიონთან მარცხით. ბულგარელ ილიან გაზეპოვთან შეხვედრამდე ქართველმა ლიტველ ტომაშ გალკუსს სძლია. ბრინჯაოს გზაზე კი ესტონელ ესტ პიკსარს, უკრაინელ არტიომ კირიჩენკოსა და ავსტრიელ დანიელ გასტლს აჯობა.
მათე ბერიძემ (69 კგ) ჩემპიონატი გერმანელი ცერბერტ შვარცის ძლევით გახსნა. შემდეგ შვეიცარიელ დამიან დიეტშესაც მოუგო. მეოთხედფინალში კი ისიც მომავალ ოქროსმედალოსანს - რუს ბეკხან ოზდოევს გადაეყარა. კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ასასვლელად ბერიძეს 2 მეტოქის დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ პირველივესთან – თურქ ბატუჰან კოიუნჩუსთან წააგო და საბოლოოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.
შმაგი ბოლქვაძე (50 კგ) და რამაზ სურმანიძე (58 კგ) ძირითად ბადეს ნაადრევად დაემშვიდობნენ და რახან ფინალში ვერც მათმა მძლეველებმა გააღწიეს, რეპეშაჟში გადართვის შანსიც აღარ მიეცათ. ბოლქვაძე, რომელიც შარშანდელი ევროპირველობის ვერცხლის პრიზიორია, ამჯერად, მხოლოდ ბელარუს იაჰარ ბელიაკს გასცდა და უნგრელ ბენსე იუჰაშთან ვეღარას გახდა. სურმანიძემ კი უნგრელი ადრიან კრანიცი და სომეხი სურენ ჰასრატიანი ჩამოიცილა და ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა. აზერბაიჯანელ როშან ტაგიევთან მარცხმა იგი მე-7 ადგილზე დატოვა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში – 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი, მურთაზ ჩაბრავა (46 კგ), ამირან შავაძე (54 კგ), ფირუზ წულუკიძე (63 კგ), ლაშა გობაძე (76 კგ) და იაკობ ქაჯაია (100 კგ) იჭიდავებენ. წულუკიძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ოღონდ 58 კილოგრამში, ხოლო შავაძე შარშან 2 წონით დაბლა - 46 კილოგრამში დაეუფლა ბრინჯაოს მედალს.