წინა სეზონები: ჩაძირულები
2010 წელს, კლუბის ხელმძღვანელობამ, ცუდი შედეგების გამო, სამსახურიდან უცერემონიოდ გაანთავისუფლა მთავარი მწვრთნელი ლარი ბრაუნი და ზაფხულშივე, თითქმის კაპიკებად, გაუშვა „დალასში“ გუნდის უდავო ლიდერი, “დრიმ თიმად“ წოდებულ ამერიკის საკალათბურთო ნაკრების ძირითადი ცენტრი – ტაისონ ჩენდლერი. ამ გადაწყვეტილებების ფონზე ცხადი გახდა, რომ “შარლოტი” სრულიად ახალი გუნდის შენებას იწყებდა და ეცდებოდა გუნდის დაკომპლექტებას დრაფტზე წარდგენილი პერსპექტიული მოთამაშეებით. გუნდის მფლობელ მაიკლ ჯორდანის ინიციატივით გაკეთებულმა რამდენიმე არჩევანმა აშკარად არ გაამართლა და შედეგად საკალათბურთო სამყარომ მიიღო ნბას ისტორიაში ერთ–ერთი უსუსტესი კლუბი, რომელმაც გასული სეზონი 7 მოგებითა და 59 წაგებით დაასრულა. თითქოს იმედი კვლავ გამოჩნდა, თუ დრაფტზე ენტონი დევისს აიყვანდნენ, მაგრამ ამჯერად დევიდ სტერნი გადაეღობათ და პირველი არჩევანის უფლება “ნიუ ორლეანს” მიაკუთვნა
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ დანიელი
გულშემატკივარი ძნელად თუ მოიპოვებს ამ სპეციალისტის პროფესიულ ისტორიას, რადგან იგი არასდროს ყოფილა ნბას რომელიმე კლუბის მთავარი მწვრთნელი. რაც შეეხება გამოცდილებას, ცოტა ხანი ჯორჯ კარლის ასისტენტად მუშაობდა, რაც ბევრზე არაფერზე მეტყველებს. დანიელი მივიდა სტრუქტურულად ცუდად აწყობილ ორგანიზაციაში, რომელიც დაკომპლექტებულია ძირითადად უკვე ჩამოწერილი კალათბურთელებით (გორდონი, ჰეივუდი, ტომასი, მალინსი, დიოპი, სეშნსი), ვერც ახალგაზრდები ბრწყინავენ მაინცა და მაინც რომ მათზე დაყრდნობით დაიწყოს ახალი გუნდის მშენებლობა (უოქერი, ჰენდერსონი, ბიიომბო). მთავარ მწვრთნელს აუცილებლად დასჭირდება ჩაატაროს მძლავრი ფსიქოლოგიური მუშაობა, რათა რაიმე დადებითი გამოწუროს ამ კოლექტივისაგან. ალბათ, მთელი სეზონი მოუწევს დაკვირვება, რათა იპოვოს რამდენიმე ისეთი მოთამაშე, რომლებთანაც კლუბმა დაგეგმოს მრავალწლიანი თანამშრომლობა
ახალი იმედი: მაიკლ კიდ-გილქრისტი
დღესდღეობით იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ ახალგაზრდა კალათბურთელს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სასკოლო ლიგაში წარმატებით გამოდიოდა, მომავალი სეზონიდან კი ნბაში ცდის ძალებს, ამასთან ერთად მაიკლ კიდ- გილქრისტი დიდი პატივისცემით და მოწონებით სარგებლობს საკალათბურთო სპეციალისტთა შორის. იგი ძალზედ სპეციფიკური ფორვარდია – გამოდის მოედანზე მხოლოდ გასამარჯვებლად და ამისათვის მზადაა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს მატჩის უკანასკნელ წამებამდე. რაც მთავარია, წლევანდელი დრაფტის მეორე ნომრისთვის უმთავრესია გუნდური შედეგი და თითქმის არასოდეს აქცევს ყურადღებას საკუთარ სტატისტიკას. მან თავისი ქცევით და თავდადებული თამაშის სტილით ზეგავლენა უნდა მოახდინოს კლუბში არსებულ სიტუაციაზე და აიყოლიოს თანაგუნდელების უმრავლესობა, დაგვეთანხმებით ეს არც თუ ისე იოლი მისიაა, მაგრამ გილქრისტის შემთხვევაში – მიღწევადი. მაიკლს დასახვეწი აქვს შორეული დისტანციებიდან ტყორცნები (25,5% ) და დაცვაში მთლად ისე დომინანტურად ვერ გამოიყურება, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს, მიუხედავად ამისა, მაინც სოლიდურია მისი მონაგარი გასულ სეზონში „კენტუკის“ რიგებში 11,9 ქულა, 7,4 მოხსნა და 1,9 შედეგიანი გადაცემა საშუალოდ მატჩში. მისი სახით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიიღო ისეთი მოთამაშე ვის ირგვლივაც უნდა დაიწყოს ახალი „შარლოტის“ აშენება.
http://www.youtube.com/watch?v=bOzb2-WghjY
მთავარი ძალა: მაიკლ ჯორდანი
არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსით არის მაიკლ ჯორდანი გუნდში, სადაც არ უნდა იყოს, იგი ყოველთვის პირველია. დიახ, იგი ფსკერზე ღრმად დაშვებული კლუბის ამჟამინდელი მფლობელია. როგორი მოთამაშეც იყო, თუნდაც იმის ნახევარი ნიჭი რომ გამოევლინა ხელმძღვანელის პოსტიდან, “ბობკეთსი” ასეთ დღეში ნამდვილად არ ჩავარდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, იგი ცოცხალი ლეგენდაა, მხოლოდ მასზე დაუშვეს გამონაკლისი და ყოფილ მოთამაშეს მისცეს გუნდის შესყიდვის უფლება. რაც სხვებისთვის აკრძალულია, შეიძლება რიგ შემთხვევებში დასაშვები გახდეს მაიკლისათვის. “შარლოტი” ნეგატიურ იმიჯს უქმნის საკუთარ თავსაც და მის მფლობელსაც, მაგრამ ჯორდანისთვის თითქოს სულერთია. პირადად მისმა ორმა არჩევანმა 2010 და 2011 წლის დრაფტებზე არ გაამართლა, რის მწარე შედეგებსაც მომავალ სეზონშიც მოიმკის მთლიანად გუნდი.
http://www.youtube.com/watch?v=eYhdT4ESkDU
მეხუთე ბორბალი: ტაირუს ტომასი
2006 წელს დრაფტზე ტაირუს ტომასი მეოთხე ნომრად აირჩია “პორტლენდმა”, თუმცა რამდენიმე წუთში ვიქტორ ხრიაპასთან ერთად გაცვალეს, იმავე დრაფტის მეორე ნომერ ლამარკუს ოლდრიჯზე „ჩიკაგოში“. 2008–09 სეზონი საკმაოდ ნორმალური გამოუვიდა ტომასს – საშუალოდ 10,8 ქულა და 6,5 მოხსნა საშუალოდ მატჩში. მაგრამ მომდევნო სეზონში მძიმე ტრამვა მიიღო და თითქმის არ უთამაშია. 2010 წლის 12 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის შარლოტში, აფორმებს რა 40 მილიონიან კონტრაქტს. ამის შემდეგ დაიწყო კოშმარი როგორც მის, ასევე კლუბის ცხოვრებაში. მოთამაშე, რომელიც უნდა გამხდარიყო “ბობკეთსის” ლიდერი ყველანაირი მაჩვენებლებით, რეგულარულად ხვდება ყოველწლიურად შედგენილ ნბას ყველაზე უარეს ხუთეულში, მკვეთრად დაუვარდა თამაშიდან ზუსტი სროლის პროცენტული მაჩვენებელი 36%. საშუალოდ მატჩში აგროვებს 5 ქულას და 3 მოხსნას და მიიჩნევა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში დრაფტებზე არჩეული პირველი ხუთეულებში ყველაზე სუსტ მოთამაშედ. მიუხედავად ყველაფრისა მაიკლ დანიელი კიდევ ერთ შანს აძლევს ტომასს, გამოიყენებს რა მას როგორც მსუბუქ ასევე მძიმე ფორვარდად. თუ გამოფხიზლდება, ტაირუსს შეუძლია ფასდაუდებელი დახმარება გაუწიოს გუნდს, თუნდაც იმაზე რომ რეგულარულის დამთავრების შემდეგ კვლავ ბოლოდან პირველი არ იყოს “შარლოტი”.
http://www.youtube.com/watch?v=5JWUBZgszNg
X ფაქტორი: რუფუს ლინქსი
ის ჯერჯერობით ერთადერთია მოთამაშეა “შარლოტის” ფორმით, ვისი დანახავაც აღფრთოვანებს მთელ დარბაზს – რუფუს ლინქსის გიჟური “სლემ დანქები” და დაუშრეტელი ლტოლვა კალათისკენ ხშირად საუკეთესო ეპიზოდებია მთელი მატჩის გაანმავლობაში... იგი დღევანდელი “შარლოტის” სუპერგმირია, რომელზეც არაფერი გსმენიათ აქამდე, მას შეუძლია თამაშის ყველაზე დაძაბულ მონაკვეთშიც კი მოსწყვიტოს ტაში დარბაზს... ტყუილად ეძებთ მას 2012–13 წლის განაცხადში, რადგან მას უკონკურსოდ მიენიჭა მეექვსე მოთამაშის სტატუსი. კლუბისთვის სავალალოდ ეს გახლავთ ფოცხვერის ფორმაში გამოწყობილი თოჯინა, რომელიც ყველანაირად ცდილობს თამაშის დროს აღებულ პაუზებზე ადგილობრივ პუბლიკას განწყობა გამოუკეთოს.
http://www.youtube.com/watch?v=taDhlWj35zM
სასტარტო ხუთეული: რაიმონ სეშნსი, ჯერალდ ჰენდერსონი, მაიკლ კიდ- გილქრისტი, ბაირონ მალინსი, ბრენდონ ჰეივუდი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მაჩვენებლები საშუალოდ მატჩში:
ქულები: გორდონი–15,1
მოხსნები ჰეივუდი–6,2
გადაცემები: სეშნსი–6,1
ჩაჭრები: კიდ-გილქრისტი–1,9
ბლოკშოტები: ბიიომბო–2,1
დაკარგვები: სეშენსი–3,4
დასკვნა: უიმედო
გუნდის მენეჯმენტის განყოფილებამ ძალიან ცუდად იმუშავა წლეულსაც, აავსო რა კლუბი ისეთი მოთამაშეებით, რომლებსაც შორეული მიზნებისთვის ვერ გამოიყენებს, ხოლო დღესდღეობით პერსპექტიულ და ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარებისათვის ასეა საჭირო და ძვირფას დროს წაართმევენ. არადა, წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე იყო შანსი – მინიმალური დანახარჯებით დაემატებინათ: ო ჯეი მეიო, მაიკლ ბიზლი ან ენტონი რენდოლფი, რომლებიც მომავალშიც კარგი გასამრჯელოს შემთხვევაში დიდი ხნით დარჩებოდნენ ლიდერებად “შარლოტში”. რეგულარული გათამაშების სტარტზე ფოცხვერები კვლავ უპირობო აუტსაიდერად მიიჩნევიან, დიდი ალბათობით დაიკავებენ ყველაზე დაბალ ადგილს, მომავალ სეზონში მიიღებენ დრაფტზე არჩევანის პირველ შესაძლებლობას, რათა იქნებ როგორმე დაასრულონ გუნდის საყრდენი ძალის საბოლოო დაკომპლექტება.