მარია შარაპოვამ საფრანგეთის ღია პირველობა მეორედ ურთულესი ფინალური დაპირისპირების შედეგად მოიგო. მაშამ სამსაათიანი დრამატული პაექრობა 22 წლის რუმინელ სიმონა ჰალეპს 6:4, 6:7, 6:4 მოუგო. შარაპოვამ კარიერის განმავლობაში მეხუთედ იმარჯვა სადიდსლემო ტურნირზე. “როლან გაროსის” გარდა, მას თითოჯერ აქვს მოგებული ავსტრალიისა და აშშ-ის ღია ჩემპიონატები, აგრეთვე უიმბლდონის გათამაშება.
შარაპოვა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. 2012-სა და წლეულს მან მთავარი პრიზი მოიპოვა, შარშან კი გადამწყვეტი მატჩი სერენა უილიამსთან წააგო.
საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში შარაპოვა მეოთხედ შეხვდა ჰალეპს და მეოთხედაც მოახერხა რუმინელის ძლევა.
27 წლის შარაპოვამ დღეს მეცხრედ ითამაშა სადიდსლემო შეჯიბრების ფინალში და გადამწყვეტი მატჩების მოგება-წაგების ბალანსი 5:4 აქვს.
საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა ტურნირის გამარჯვებულისთვის დაწესებული სიუზან ლენგლენის სახელობის თასი შარაპოვას ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა კრის ევერტმა გადასცა. შეგახსენებთ, ევერტს “როლან გაროსზე” შვიდჯერ უმარჯვია, სულ კი კარიერის განმავლობაში 18 სადიდსლემო ტრიუმფისთვის მიუღწევია.