თუკი ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდი გამართლდა, შესაძლებელია, რამდენიმე თვის შემდეგ, კატალონიის ”ბარსელონას” ფეხბურთელი – ხერარდ პიკე მამის ამპლუაში ვიხილოთ. როგორც პირინელი ”ყვითელი” მოკალმეები ირწმუნებიან, ხერარდ პიკეს გულისსწორი, ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი – შაკირა, თავისი საქციელით აშკარად ბადებს ეჭვს, რომ ფეხმძიმედაა და თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ბავშვის მამობის ყველაზე რეალური კანდიდატი, სავარაუდოდ, სწორედ ხერარდ პიკე იქნება.
შაკირას ორსულობის შესახებ ჭორები პირველად მაშინ აგორდა, როდესაც კოლუმბიელმა მომღერალმა თავისი რამდენიმე კონცერტი სხვადასხვა აბსურდული მიზეზით გადადო. ხოლო ესპანეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში გამართულ კონცერტზე სცენაზე ძლივს გამოზოზინდა და მთელი თავისი გამოსვლა აშკარად ჩააფლავა, რადგან ჩანდა, რომ ზედმეტი მოძრაობებით თავს მაინცა და მაინც არ იკლავდა. ამას გარდა, ესპანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ მომღერლის შეშუპებული სახის კანი და ჩამოწეული ქუთუთოები, შესაძლებელია, სწორედ მის ფეხმძიმობას უსვამდეს ხაზს.
ჯერჯერობით, არც ”ბარსას” მოთამაშე და არც კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ხალთაში შუბის ვერდამალვისა არ იყოს, თუკი საქმე მართლა ასე სერიოზულადაა, ვერც შაკირას დიდი მუცელი დაიმალება. ასე რომ, დიდი შანსია, ცოტა ხნის შემდეგ, ”ბარსელონას” მილიონობით ინჩასს, პატარა პიკეც შეემატოს.