სოფო შაფათავამ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 13 ადგილით წაიწია და მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს უწია. ქართველი ჩოგბურთელი 241 ქულით კლასიფიკაციის 229-ე ადგილზე იმყოფება.
ამჟამად, შაფათავა შვეიცარიის ქალაქ ლენცერჰეიდეში იმყოფება და 25-ათასიან ტურნირში მე-2 განთესვით ჩაებმება. სოფოს პირველი მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ჯორჯია ბრეშია (იტალია) იქნება.
WTA-ს რეიტინგში სულ 7 ქართველი გოგონა იმყოფება, რომელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ანა ტატიშვილს გააჩნია. იგი 834 ქულით 79-ე ადგილზეა.
79 (78). ანა ტატიშვილი – 834 ქულა; 229 (242). სოფო შაფათავა – 241; 314 (310). ოქსანა კალაშნიკოვა – 145; 414 (410). მაკა ჩახნაშვილი – 86; 490 (490). სოფო ქვაცაბაია – 64; 593 (591). ეკატერინე გორგოძე – 43; 826 (823). ნათია გეგია – 18.
წყვილთა კლასიფიკაციაში ქართველთაგან ისევ კალაშნიკოვა ლიდერობს. ოქსანა 1226 ქულით 77-ე პოზიციაზეა, ტატიშვილი 572 ქულით 135-ეა, ხოლო შაფათავა 218 ქულით – 274-ე.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 4 ქართველი ვაჟი ფიგურირებს: 260 (255). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 179 ქულა; 984 (978). ალექსანდრე მეტრეველი – 10; 1530 (1517). გიორგი ჯავახიშვილი – 2; 1565 (1556). გიორგი ცივაძე – 2.