ჩოგბურთი

0:41 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა იანკოვიჩთან დამარცხდა

 

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ბოგოტას ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) მერვედფინალში მსოფლიოს მე-9 ჩოგან ელენა იანკოვიჩს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 4:6, 3:6 დამარცხდა.

ქართველი და სერბი გოგონების დაპირისპირება საათნახევარს გაგრძელდა და სოფოს 6 ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა. არადა, შესაძლოა, ბრძოლა უფრო დაძაბულიც ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ შაფათავამ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, მერვედფინალში გასვლით კი, რეიტინგში 44 ქულა შეიმატა, ამდენად, კოლუმბიური ტურნირი სოფოსთვის წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების მეოთხედფინალში მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ ტაივანელი პეი-ჩე ლი და ამერიკელი ტინა ტერანი 6:4, 7:5 დაამარცხეს და ნახევარფინალში მე-4 რეიტინგის მქონე რუსებს (კალაბინა-კაციტაძე) გაეჯიბრებიან.

ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში ქვაცაბაიამ მე-7 ნომრად განთესილ შვედ სუსან ჩელიკთან 2:6, 1:6 წააგო.

0.117763