ჩოგბურთი

17:49 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა გერმანიაში წინ მიიწევს

სოფო შაფათავამ გერმანულ შტუტგარტ-ვაიჰინგენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მე-5 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი მე-2 წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ დანიელ ჰარმსენს (ჰოლანდია) გაეჯიბრა და იოლად – 6:3, 6:2 მოუგო.

სოფოს წინსვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვს, რადგანაც მეოთხედფინალში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ანტონია ლოტნერს ეთამაშება. გერმანელმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში მე-2 რეიტინგის მქონე ლიხტენშტაინელ სტეფანი ვოგტს მოულოდნელი მარცხი აგემა – 6:4, 0:6, 6:0 სძლია.

ლოტნერს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში მხოლოდ 639-ე ადგილი უკავია, შაფათავა კი 234 ქულით 236-ეა. აქვე ვთქვათ, რომ გერმანული ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით სოფომ 14 ქულა შეიმატა, ნახევარფინალი 24 ქულას იძლევა, ფინალი – 34-ს, ხოლო ჩემპიონობა – 50-ს.

აქვე გეტყვით, რომ წყვილთა ტურნირში შაფათავას და გერმანელი შაკოვეცის მე-4 ნომრად განთესილი დუეტი ასევე მეოთხედფინალშია გასული და მასპინძელთა ტანდემს (ბარუა-ზიგემუნდი) ეთამაშება.

საფრანგეთის ქალაქ პერიგოში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა მაკა ჩახნაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი მე-8 ნომრად განთესილ იტალიელ ალბერტა ბრიანტის დაუპირისპირდა და სამსეტიან შეხვედრაში 4:6, 6:3, 1:6 დამარცხდა.

0.117327