ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა უკვე ნიუ იორკში იმყოფება და აშშ-ს ღია პირველობისთვის ემზადება, რომლის ძირითადი ბადეც სტარტს 25 აგვისტოდან აიღებს.
ცნობისთვის, დღეს განახლებულ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებულ რეიტინგში სოფო 2 ადგილით დაწინაურდა და 291 ქულით 192-ე ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ შაფათავას საუკეთესო კარიერული მაჩვენებელი 190-ე პოზიცია გახლავთ და ის მიმდინარე წლის 28 ივლისს გახლავთ დაფიქსირებული.
სოფოს გარდა, კლასიფიკაციაში კიდევ 6 ქართველი გოგონაა: 192 (194). სოფო შაფათავა – 291 ქულა; 326 (337). ეკატერინე გორგოძე – 123; 465 (466). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 495 (496). სოფო ქვაცაბაია – 62; 624 (630). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 38; 736 (760). მარიამ ბოლქვაძე – 25; 1259 (1263). თამარ ჭალაგანიძე – 3;
მიმდინარე კვირაში ქართველთაგან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს. იგი კონეკტიკუტში იმყოფება და ნიუ ჰეივენის პირველობის (საპრიზო ფონდი 710 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრში პოლონელ ალისია როსოლსკასთან ერთად ჩაებმება.
საწყის რაუნდში ქართველი და პოლონელი ჩოგბურთელები ავსტრალიელ კეისი დელაკუას და შვეიცარიელ შტეფანი ვოგელეს გაეჯიბრებიან, წარმატების შემთხვევაში კი, 100-100 სარეიტინგო ქულას მიიღებენ და მეოთხედფინალში სლოვენიურ-ესპანურ დუეტზე (კლეპაჩი/სოლერ-ესპინოსა) “გავლენ”.
გერმანიაში რჩება ეკატერინე გორგოძე, რომელიც ამჯერად ძალებს ბრაუნშვაიგის 15-ათასიან ტურნირში მოსინჯავს. ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობას პირდაპირ ძირითადი ბადიდან დაიწყებს.
იტალიური დუინო აურისინას 10-ათასიანი შეჯიბრის საწყის წრეში გერმანელ შტეფანი შტემერს გაეჯიბრება მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი. წყვილებში მაკა და იტალიელი კრისტიანა ფერანდო მე-3 განთესვით პირდაპირ მეოთხედფინალში არიან დაშვებულნი და მასპინძელთა დუეტს (პეტრეი-პრიბაზი) ეთამაშებიან.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ ბასილაშვილს გააჩნია, რომელიც 246 ქულით 198-ე ადგილზეა. მის გარდა, კლასიფიკაციაში ალექსანდრე მეტრეველი (618), გიორგი ცივაძე (896), გიორგი ჯავახიშვილი (1123) და რეიტინგში პირველად გამოჩენილი ალექსანდრე ბაკშიც (2073) ფიგურირებენ.