“ბარსელონას” დღეს მოსკოვში “სპარტაკის” წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩში ფრეც ხელს აძლევს, თუმცა, კატალონელები, როგორც ნებისმიერ სხვა შეხვედრაში, ამჯერადაც მხოლოდ მოსაგებად გავლენ სათამაშოდ. ამას სესკ ფაბრეგასიც ადასტურებს და ჟურნალისტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს სცემს.
- “სელტიკთან” მარცხის შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, ვნებებიც ჩაცხრა და ანალიზის გაკეთებასაც მოასწრებდით. მაინც რა მოხდა გლაზგოში, რატომ წააგეთ?
- ამ თემაზე უკვე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. ჩემეულ ვერსიასაც შემოგთავაზებთ. ჩვენი ნებისმიერი მოწინააღმდეგის მწვრთნელი თავის შეგირდებს დეტალურად უხსნის, როგორ უნდა ითამაშო “ბარსელონას” პირისპირ. ჩვენ კი მეტოქის გათვალისწინებით არ ვმოქმედებთ და საკუთარ სტილს არასდროს ვღალატობთ – ბურთს ვაკონტროლებთ, ვუტევთ, ზუსტი პასებით ვამარაგებთ პარტნიორებს, ვცდილობთ საერთო-გუნდურ დისციპლინას არ გადავუხვიოთ. სამწუხაროდ, “სელტიკთან” მატჩის დროს ეს ვერ შევძელით და შედეგიც სამწუხარო მივიღეთ.
- მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში ჩავისთან, ინიესტასა და ბუსკეტსთან ერთად მხოლოდ ორჯერ მოხვდით. პარტნიორებთან შეთამაშების პრობლება ხომ არ გაქვთ?
- არა, ასე ნამდვილად არაა. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთად ვთამაშობდით და საფეხბურთო მინდორზე ერთმანეთის მშვენივრადაც გვესმის. სასტარტო შემადგენლობის შერჩევა კი მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა. თანაც, ზოგჯერ ტრავმა გვაქვს, ხანდახან დისკვალიფიკაცია და დაძაბული საასპარეზო გრაფიკი გვიშლის ძირითადში მოხვედრას. ამასთან, დამრიგებლის კომპეტენციაში ჩარევის არც უფლება მაქვს და არც სურვილი. ფეხბურთელების საქმე თამაში და მწვრთნელის ნებისმიერი დავალების შესრულებაა.
- ცოტა ხნის წინ, მძიმე ტრავმის შემდეგ “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი დაუბრუნდა. პირადად თქვენთვის და თანაკლუბელებისთვის რას ნიშნავს პუიოლის პერსონა?
- კარლესი ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია. იგი ჩვენი კაპიტანი და წინამძღოლია და ბიჭებს მამაცობისა და ვაჟკაცობის მაგალითს გვაძლევს. ასაკის მიუხედავად, პუიოლი კვლავინდებურად განაგრძობს საფეხბურთო ასპექტით ზრდას. გარდა, ბრწყინვალე სამოთამაშეო თვისებებისა, კარლესი ადამიანური ხასიათითაც გამორჩეულია. პუიოლი მხოლოდ და მხოლოდ აღმატებითი სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ. ვამაყობ, მისი მეგობარი რომ ვარ.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტიტო ვილანოვასთან? მთავარი მწვრთნელისგან განსაკუთრებულ მოპყრობას გრძნობთ?
- განსაკუთრებულ ურთიერთობაზე საუბარი გადაჭარბებულია. ჩვენ ნორმალური, საქმიანი დამოკიდებულება გვაქვს ერთურთის მიმართ. ყოველთვის ვცდილობ, მინდორზე გასული ბოლომდე დავიხარჯო. ტიტო ვილანოვას რაც შეეხება, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება “ბარსელონას” საკეთილდღეოდაა მიმართული.
- ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად “სპარტაკს” მხოლოდ მოგება აძლევს ხელს. ამის ფონზე, რამდენად საშიშ ოპონენტად მიგაჩნიათ მოსკოვის კლუბი?
- ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი მონაწილე საშიში მოწინააღმდეგეა. ცხადია, გამონაკლისს არც “სპარტაკი” შეადგენს. ჩვენი მომდევნო მეტოქე ძლიერი და ტაქტიკურად განსწავლული გუნდია, რაც “კამპ ნოუზე” თამაშისას დაამტკიცა კიდეც. თუმცა, “ბარსელონა” არავის უფრთხის და მოსკოვშიც მხოლოდ მოგებაზე ვითამაშებთ.
- მოსკოვში ხელოვნურსაფარიან მინდორზე მოგიწევთ თამაში. ეს დამატებით სირთულეს ხომ არ შეგიქმნით?
- არა. “ბარსელონას” ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში უთამაშია და სასურველი შედეგის მიღწევაც არ გაგვჭირვებია. ბოლოს, მინსკში გვარიან სიცივეში მოგვიხდა გამოსვლა, მაგრამ “ფურია როხამ” ბელარუსის ნაკრების დამარცხება მაინც დამაჯერებლად მოახერხა. ხელოვნურსაფარიან მინდორს რაც შეეხება, ბურთის თავისებური რიკოშეტი ჩვენთვის მიუჩვეველია, მაგრამ წინასამატჩო ვარჯიშზე მომავალი ასპარეზობის საფარს გავუშინაურდებით და არ მგონია, მატჩის დროს რაიმე განსაკუთრებული სირთულე შეგვექმნას.
გოჩა კაჭარავა