ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა “ბარსელონადან” “არისტოკრატებში” გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
“ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი მოთამაშე, რომელსაც ამა წლის მაისში 27 წელიწადი შეუსრულდა, “ბარსელონაში” ლონდონის “არსენალიდან” 2011 წელს დაბრუნდა, მაგრამ “კამპ ნოუზე” “შინაურად” მაინც ვერ იქცა.
“ბარსელონადან” წასვლაზე ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ დავფიქრდი. გავაცნობიერე, რომ ცვლილებების დრო დადგა და კატალონიურ კლუბში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. კლუბის საქმის კურსში ჩავაყენე და ანდონი სუბისარეტას დავურეკე. მისი პასუხიდან გამომდინარე მივხვდი, რომ “ბარსელონას” ამით ერთგვარ სამსახურს ვუწევდი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ წასვლის გადაწყვეტილება სწორი იყო და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ კლუბისთვისაც.
სასწრაფოდ დავუკავშირდი აგენტს და მას კლუბის მოძებნა ვთხოვე. წინადადება “ჩელსისგან” მივიღე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ლონდონში დაბრუნების შანსი გამიჩნდა, სწორედ იმ ქალაქში, სადაც ბავშვობა გავატარე. ჟოზე მოურინიოსთან საუბარმა დამარწმუნა, რომ აქ დავფასდებოდი” - განუცხადა ფაბრეგასმა espnfc-ს.