ფეხბურთი

16:58 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სესარ ლუის მენოტი: “რეალი” “კატანია” არაა, დაცვიდან ითამაშოს”

 

ქარიზმატულმა არგენტინელმა სპეციალისტმა სესარ ლუის მენოტიმ, რომელიც მსოფლიოში შემტევი ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ მქადაგებლადაა მიჩნეული, ესპანურ გამოცემა Marca-ს ინტერვიუ მისცა და მისი ძირითადი ნაწილი მადრიდის “რეალს” დაუთმო.

მენოტი 1974-83 წლებში არგენტინის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ესპანეთში ის გასული საუკუნის 80-იან წლებში “ბარსელონას” და მადრიდის “ატლეტიკოში” მუშაობდა, თუმცა მადრიდის “რეალის” თამაშებს ახლაც, 74 წლის ასაკშიც ყურადღებით აკვირდება.

-       რით გაგაკვირათ ამჟამინდელმარეალმა”?

-       მხოლოდ იმით, რომ ადვილად ელევა მესუტ იოზილის მსგავს მოთამაშეებს - ფეხბურთელებს, რომლებიც მართლა ფეხბურთს თამაშობენ, ფეხბურთი ესმით და გრძნობენ. მისი წასვლა ჩემთვის მართლაც სიურპრიზი იყო. კარლო ანჩელოტიზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, უნდა დაველოდოთ, სანამ გუნდს ააწყობს.

-       როგორ ფიქრობთ, ამას დიდი დრო დასჭირდება?

-       თუ გუნდის შენებაზე ზუსტი წარმოდგენა გაქვს, გამოძრავებს იდეები, რომლებიც ფეხბურთელებამდე უნდა მიიტანო, მაშინ ყველაფერი ერთი საერთო მექანიზმივით მუშაობს. “რეალის” მსგავს გუნდებში მწვრთნელის უმთავრესი ამოცანა აქცენტების სწორად დაყენებაა, რათა ფეხბურთელთა უზარმაზარი პოტენციალი ტყუილად არ დაიკარგოს. როდესაც “რეალის” თამაშებს ვუყურებ, არ მშორდება აზრი, რომ კონტრშეტევებზე თამაშისთვის უპირატესობის მინიჭება, რასაც ხშირად ანიჭებს უპირატესობას, ნაკლები წინააღმდეგობის გზით სიარული, მთლად კარგი არ უნდა იყოს. მეჩვენება, რომ ფეხბურთელებს უფრო კომბინაციური თამაში სურთ, რათა მეტს აკონტროლებდნენ ბურთს და პირველი ნომრები იყვნენ. ახლა ამ გუნდში მარტივი მდგომარეობა სულაც არაა, ქულების აღება კი, აუცილებელია. იმავე გარეტ ბეილთან დაკავშირებით, ჯერაც ბევრი რამ გაურკვეველია - ვერ გავიგე, სად და როგორ აპირებს მის გამოყენებას ანჩელოტი. რა თქმა უნდა, ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ ყურადღებით ყოფნაა აუცილებელი: საკმარისია მოეშვა, “ბარსელონა” 8 ქულით გაგასწრებს და მერე შეგიძლია მას ხელი დაუქნიო.

-       მადრიდში მოსვლისთანავე ანჩელოტი სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთზე საუბრობდა, ჩვენ კი ვნახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში გამარჯვებისთვის სწრაფი კომბინაცია და 3 გადაცემა აღმოჩნდა საკმარისი.

-       სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა - 3 გადაცემით ფონს გასვლის მცდელობის 80 პროცენტი ბურთის დაკარგვით სრულდება. სერიოზული და დამუშავებული გუნდური თამაშის სქემის გარეშე მაინც არაფერი გამოვა. დიახ, რაღაც მომენტებში გამორჩეული კომბინაციების წყალობით შესაძლოა წარმატებას მიაღწიო, მაგრამ გათვლის იმაზე გაკეთება, რომ 3 სწრაფი გადაცემის შემდეგ ყოველთვის გოლს გაიტან, მაინცდამაინც ჭკვიანური გადაწყვეტილება არაა. ძალიან კარგია, გუნდში ისეთი ოსტატები რომ გყავს, რამდენიმე ტაქტიკურ-ტექნიკური მოქმედებით მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლიათ, მაგრამ ის ეფექტური მხოლოდ მაშინაა, როდესაც ეს ყველაფერი წინასწარ გააზრებული გუნდის სისტემურ ურთიერთქმედებაზეა დამყარებული.

-       რას იტყვით ბეილიზე და კრიშტიანუ რონალდუზე?

-       როდესაც მეტოქესთან ერთი-ერთზე რჩებიან, ისინი შეუდარებლები არიან, მაგრამ არა მაშინ, როდესაც მათ წინ 5-6 მოწინააღმდეგეა. თუ “რეალის” ფეხბურთელები და მთლიანი გუნდი საკუთარ თამაშს თავს ვერ ართმევს, 2 ადამიანი საოცრებას ვერ მოახდენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი გუნდური თამაში არ გამოდის, მხოლოდ კრიშტიანუსა და ბეილის სისწრაფის ხარჯზე ფონს ვერ გახვალ. თუკი მთელი გუნდის მხრიდან არ იქნება კომბინირებული თამაში, მათ უბრალოდ ხელ-ფეხს შეუკრავენ. ფეხბურთი სპორტის კოლექტიური სახეობაა და ყველაზე გამორჩეული მოთამაშეებიც კი, კოლექტიური თამაშის არარსებობის კომპენსირებას ვერ მოახერხებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთის ბაზისი სამი რამაა: სივრცე, დრო და ეშმაკობა.

-       სხვა დანარჩენი?

-       დიდწილად მეორეხარისხოვანია. ამიტომ, იმისათვის, რომ მოედნის ბატონ-პატრონი იყო, აუცილებელია ფლობდე ბურთს და ამ შემთხვევაში კარგი შემსრულებლების ფონზე შეგექმნება ბევრად უფრო მეტი საშუალება იმისა, რომ მეტოქე გააკვირვო. “რეალი” მუდამ პირველი ნომერი უნდა იყოს, რადგან “კატანია” არაა, მეტოქის კეთილსგანწყობას ელოდოს. უწინარესად, სასტარტო შემადგენლობა უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან ჯერაც არ ვიცით, ვინაა ძირითადის ფეხბურთელი. ჩვენ ვიცით “ბარსელონას”, “ატლეტიკოს” ძირითადი შემადგენლობები, “რეალის” კი არა და ჯერჯერობით ეს გასაგებია: მწვრთნელი აკვირდება იმ მოთამაშეებს, რომლებიც მის განკარგულებაში არიან, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. როტაციის პრინციპი შესაძლოა კარგია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც გუნდის ძირითადი ჩონჩხი ჩამოყალიბებულია, შემადგენლობა შეთამაშებული და ცვლილებები მხოლოდ გარკვეული ელემენტების გათვალისწინებით ხდება. “რეალში” ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და იმედი მაქვს, მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით მალე ჩამოყალინდება.

-       პრიმერა დივიზიონში მომუშავე 2 არგენტინელ მწვრთნელზე - დიეგო სიმეონესა და ხერარდო მარტინოზე რას იტყვით?

-       სიმეონეს “ატლეტიკო” ახლა აღმასვლას განიცდის. ეს ისედაც მებრძოლი გუნდი იყო და დერბიში მოგების შემდეგ მათი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. რაც შეეხება მარტინოს, ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ მისი “ბარსელონა” ამოცნობად ფეხბურთს აჩვენებს.

-       მაგრამ კატალონელები ხომ მუდამ ერთ სტილში თამაშობენ, რომელიც ბურთის კონტროლზეა დამყარებული?

-       თქვენ ფიქრობთ, რომ ბურთის კონტროლი გუნდის თამაშს ამოცნობადს ხდის? თამაშის წაყვანის ვარიანტები მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როდესაც ბურთს აკონტროლებ და “ბარსელონას” პრობლემები იმის გამო კი არ ექმნება, რომ ბურთს აკონტროლებს, არამედ მხოლოდ იმიტომ, ხანდანახ თამაში რომ არ მისდის. ყოველ შემთხვევაში, “ბარსელონას” ზუსტი წარმოდგენა აქვს თამაშზე და უბრალოდ, ხანდახან ყველაფერი არ გამოსდის.  

-       “რეალიდან” ჟოზე მოურინიოს წასვლაზე რას იტყვით?

-       ახლა ძალიან ძნელია იმის თქმა, მოიგო თუ არა “რეალმა” მოურინიოს წასვლით. მართალია, მის ხელში გუნდი ლამაზ თამაშს არ აჩვენებდა, მაგრამ ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ახლა საქმე სხვაგვარადაა. მოცემული მომენტისთვის “რეალში” მთავარი ფიგურა კარლო ანჩელოტია და “ბლანკოსის” მომავალი, მინიმუმ ამ სეზონში, სწორედ მასზეა დამოკიდებული.

0.107263