ინტერვიუები

10:18 | 16.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: "ყველა ტიტულს ანტონიო პუერტას ვუძღვნი"

მადრიდის “რეალმა”, ესპანური პრიმერა დივიზიონის ბოლო მატჩში, ხიხონში ურთულესი მატჩი მოუგო იქაურ “სპორტინგს”. “სამეფო კლუბში” ტრადიციულად მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა კასტილიელთა უკანახაზელმა სერხიო რამოსმა, რომელიც რამდენიმე გამოცემამ გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. გთავაზობთ ინტერვიუს სერხიო რამოსთან, რომელიც მან საფეხბურთო ჟურნალ Soccer is Life-ს მისცა.
- სერხიო, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ხართ შესული. ყველაზე ახალგაზრდა ასაკში ჩაატარეთ 70 მატჩი “ფურია როხას” შემადგენლობაში. ამ მიღწევას, საკუთარ სამოთამაშეო კარიერაში მნიშვნელოვნად თვლით?
- ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრათა რაოდენობით, ჩემთვის წარმოუდგენელ ზღვარს გადავაბიჯე. როდესაც პროფესიულ კარიერას ვიწყებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, ეროვნულ გუნდს ამდენ ხანს თუ გავუწევდი სამსახურს და უმნიშვნელოვანეს ტიტულებს მოვიგებდი. ამაზე მეტად საამაყო რა უნდა იყოს, საერთაშორისო არენაზე სამშობლოს რომ წარმოადგენ და ამასთან პრესტიჟულ ტურნირებსაც იგებ.
- ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო თაობის წარმომადგენელი ხართ. ცხადია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგებას ვგულისხმობ...
- საუკეთესო თაობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, როცა ჩემი პარტნიორები და მე, აქტიურ კარიერას შევწყვეტთ და შეჯამება-შედარების დრო დადგება. ისე კი, გეთანხმებით ამჟამინდელი ნაკრები აქამდე დაულაშქრავ სიმაღლეებზე რომ ავიდა. ამასთან, ესპანეთს ყოველთვის ჰყავდა უმაღლესი კლასის შემსრულებლები, რომელთაც ცოტა აკლდებოდათ, რათა მნიშვნელოვანი შეჯიბრებების კვარცხლბეკის უპირველეს საფეხურზე შეედგათ ფეხი. ამ კითხვაზე პასუხს კი, შემდეგი ჩემეული თვალსაზრისით დავასრულებ – ესპანეთის თანამედროვე ნაკრებს თავისი განუმეორებელი სტილი აქვს, რომელიც წინა თაობების მიერ შედგენილი კოლექტივებისგან განსხვავდება.
- ნაკრებთან დაკავშირებულ ყველაზე ამაღელვებელ მომენტს ხომ ვერ გაიხსენებდით?
- საამისოდ, გონების დაძაბვა არ დამჭირდება. რა დამავიწყებს იმ მომენტს, თავზემოთ მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი რომ ავწიე. იმ მომენტში, კინაღამ შოკში ჩავვარდი.
- ამას, იმ დროს თუ წარმოიდგენდით, როცა პატარაობისას ბურთს აგორებდით?
- ანდალუსიის პატარა ქალაქ კამასში დავიბადე, სევილიის მახლობლად. ბავშვობაში არანაირი მიზანი არ მქონდა, უბრალოდ, ფეხბურთის თამაში სიგიჟემდე მიყვარდა და რას წარმოვიდგენდი, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს თუ დავეუფლებოდი! ამაზე ბავშვობაში ცოტა ვინმე თუ ფიქრობს, უბრალოდ თამაში და გართობა განიჭებს დიდ სიამოვნებას.
- გასული მსოფლიოს ჩემპიონატის საწყის სტადიაზე, ლუის არაგონესი ესპანეთის ნაკრებს აკრიტიკებდა. დღეს ბევრი დარწმუნებულია, რომ სინიორ ლუისი ამას ფეხბურთელებისთვის მეტი მოტივაციის შესაძენად აკეთებდა. იქნებ, მოგვითხროთ არაგონესზე და გვითხრათ, როგორ აფასებთ მის ღვაწლს ესპანური ფეხბურთის წინაშე?
- ლუის არაგონესმა ევროპის ჩემპიონატი მოგვაგებინა და მისი ღვაწლის შესაფასებლად, ესეც კმარა. იგი უნიკალური დამრიგებელია, რომელსაც ფეხბურთელთა საუკეთესო კუთხით წარმოჩენა შეუძლია. მან რამდენიმე შეცდომაზე მიმითითა, რომელსაც ასპარეზობის დროს ვუშვებდი. ვფიქრობ, ისინი გამოვასწორე. ძნელია, გამოვძებნო სიტყვები, რომლებიც არაგონესის დამსახურებას ზუსტად და სრულად ასახავს. მან ხომ ავსტრია-შვეიცარიის ევროპირველობის მოგებით, უნიკალური მომენტი განგვაცდევინა. საბედნიეროდ, ვისენტე დელ ბოსკემ, ნაკრებს ახალი სიცოცხლე შთაბერა.
- მაინც, რას ემადლიერებით უპირველესად, მადრიდის “რეალში” თქვენ ყოფილ დამრიგებელს?
- დელ ბოსკემ მყარი ბალავარჩაყრილი ნაკრები ჩაიბარა. სინიორ ვისენტემ გუნდს მხოლოდ საკუთარი “შტამპი დაუსვა”. ვერ ვიტყვი, რომ მან “ფურია როხაში” რევოლუციური ძვრები მოახდინა, მაგრამ გუნდი მშვენივრად მართა და სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მსვლელობისას, ტაქტიკასაც ოსტატურად და მაღალკვალიფიცირებულად  არჩევდა.
- ამჟამად რა მიზანს უსახავთ საკუთარ თავს?
- როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე, ახალ-ახალი ტიტულების მოპოვება მსურს. ვიმედოვნებ, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას მოიგებს. ეს კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუკი ყოველი ჩვენთაგანი და განსაკუთრებით მე, ყოველდღიურად ბევრს ვიშრომებთ, მაღალ მიზანს დავისახავთ და ჯიუტად გადავლახავთ მისკენ გადასალახავ ყველა სირთულეს.
- 24 წლის ხართ. კიდევ რამდენ ხანს აპირებთ ფეხბურთის თამაშს? თავს 30 წლის ასაკშიც პროფესიონალ მოთამაშედ ხედავთ?
- სადამდეც ფეხბურთის თამაშის სურვილი მექნება და ჯანმრთელობა საამისო საშუალებას მომცემს, მინდორზე გასულს მიხილავთ.
- მოდით, მადრიდის “რეალზე” ვისაუბროთ. რა შესძინა გუნდს ჟოზე მოურინიომ?
- პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარი ძალისადმი რწმენა კიდევ უფრო განგვიმტკიცა. წინასასეზონოდ, მოურინიო ბრწყინვალედ გაისარჯა, რაც სადღეისოდ, “რეალის” სატურნირო მდგომარეობაზე სათანადოდაა ასახული.
- ჟოზე მოურინიოზე, ყოველდღიურად, არა მარტო “სამეფო კლუბის” გულშემატკივრები საუბრობენ, არამედ, იგი ყურადღების ცენტრში თქვენი დაუძინებელი მტრის, “ბარსელონას” ბანაკშიცაა. რის გამო იწვევს მოურინიო საყოველთაო ყურადღებას?
- ჟოზე მოურინიო ძლიერი პიროვნებაა. მან საკუთარი განუმეორებელი კვალი დაამჩნია ყველა იმ გუნდს, რომლებშიც მუშაობდა. ამიტომაც, იოტისოდენადაც არაა გასაკვირი, ესოდენ წარმატებული კარიერის მქონე მწვრთნელი, ქომაგთა და სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში რომაა მოქცეული.
- პიროვნული თვისებების გამო, მოურინიო პატივისცემას თუ იმსახურებს?
- აკი მოგახსენეთ, სეუ ჟოზე მაღალპროფესიონალი დამრიგებელი რომაა. პირადად მე, მხოლოდ ამის გამოც ვცემდი პატივს.
- ხომ არ თვლით, რომ პეპ გვარდიოლას “ბარსელონას”, “ნერვების ომი” უკვე მოუგეთ? პრიმერა დივიზიონში 11 ტური მიილია, ცხრილის პირველ საფეხბურზე კი “რეალია”. წარმოუდგენელია, ამან კატალონიელებს მოსვენება არ დაუკარგოს...
- “ბარსას” განწყობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ჩვენ კი, ყველა მატჩში წარმატებისთვის ზრუნვა მოგვიწევს.  
- ზემოთ, ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლების სურვილი გამოთქვით. ესპანეთის პირველობის მოგებაზე რას გვეტყოდით?
- მადრიდის “რეალის” მოვალეობა ყველა ტურნირის მოგებაა, რომლებშიც მონაწილეობს.
- რას შეუძლია შეუშალოს ხელი ამ “მოვალეობის” აღსრულებას?
- მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე გაუთვალისწინებლად წამოჭრილმა სირთულემ.
- საფეხბურთო სამყაროში, ყველაზე მეტად, რა გაღიზიანებთ?
- როდესაც ის ადამიანები მსჯელობენ ჩემზე და მაკრიტიკებენ, რომლებიც არ მიცნობენ.
- მოკლედ დაგვიხასიათეთ საკუთარი თავი...
- ნორმალური, თავმდაბალი, უბრალო და ოჯახის მოყვარული ადამიანი გახლავართ.
- არასდროს ივიწყებთ ტარ¬გიკულად დაღუპულ ანტონიო პუერტას. “სევილიის” ფეხბურთელი იმ მომენტშიც თუ გახსოვთ, რომელიმე მნიშვნელოვან თასს რომ იგებთ?
- რასაკვირველია! ყველა ტიტული, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მოვიპოვე, სწორედ ანტონიოს მივუძღვენი. პუერტას არასდროს დავივიწყებ.
- ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ “ფურია როხაში” დასამკვიდრებლად, დიდად შეუწყვეთ ხელი ხესუს ნავასს. მას ადრეც იცნობდით?
- ხესუსთან გვერდიგვერდ, “სევილიის” საბავშვო გუნდებში ვთამაშობდი. მან ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ნავასს, ჩემი დახმარების იმედი სამომავლოდაც შეუძლია ჰქონდეს.
- ზემოთ ახსენეთ, რომ კიდევ კარგა ხანს აპირებთ ფეხბურთის თამაშს, თუმცა, ადრე თუ გვიან, ბუცების ლურსმანზე დაკიდების დრო მაინც დაგიდგებათ. როგორ გესახებათ თავი საფეხბურთო მინდვრის მიღმა?
- ამაზე ფიქრის სურვილი ჯერჯერობით არ მაქვს. წინ ბევრი საინტერესო სეზონი მელის.  
მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 

0.27556