ფეხბურთი

13:56 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცო, საუკეთესო რომ ხარ”

 საფეხბურთო სამყაროს ყურადღება პარიზისკენაა მიპყრობილი, სადაც მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ერთმანეთს მუნდიალის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და საფრანგეთი შეხვდებიან. წინა საკვალიფიკაციო შეხვედრაში სერხიო რამოსმა მეასედ იასპარეზა “ფურია როხას” შემადგენლობაში, დღეს კი მადრიდის “რეალის” უკანახაზელს “სენ დენიზე” მოგების იმედი აქვს. ეს განცხადება რამოსმა AS-ის კორესპონდენტთან საუბრისას გააკეთა.

 

- ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მეასე მატჩი ჩაატარეთ. როგორი განწყობით შეხვდით ამ მეტად მნიშვნელოვან მიჯნას თქვენ საფეხბურთო ბიოგრაფიაში?

- ერთდროულად სიამაყისა და პასუხისმგებლობის გრძნობას განვიცდი. ჩემ ასაკში ამგვარი მიღწევით ბევრი ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მე იღბალმა გამიღიმა – ნაკრებში დებიუტი ადრე მქონდა და მწვრთნელებიც ნდობას მიცხადებდნენ.

- ფინეთთან მატჩამდეც იცოდით, რომ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ხართ, რომელმაც 100 სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა?

- 26 წლის ვარ და ამ რეკორდით ბედნიერი ვარ.

- 30 მარტს 27 წელი გისრულდებათ. დაბადების დღეს ფრანგებთან პარიზში მოგების ფონზე აღნიშვნას აპირებთ?

- ვიმედოვნებ, ასეც იქნება. უკეთესს საჩუქარს ძნელად თუ წარმოვიდგენ. გულშემატკივარს “ფურია როხას” მოგების იმედი აქვს და შევეცდებით მათი იმედი გავამართლოთ.

- რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი შესარჩევ ციკლში თამაშობს და შესაძლოა, მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა პლეი ოფში მოუწიოს?

- ასეთია წესი და რეალობა. ერთის მხრივ, ეს კარგიცაა, რადგან წარსულით არ უნდა იცხოვრო და ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცო, საუკეთესო რომ ხარ.

- ფინეთთან ფრის შემდეგ “ფურია როხას” ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების საშიშროება შეექმნა...

- ფრანგებთან წინააღმდეგ სათამაშოდ მონდომებით და მშვიდად ვემზადებით. სწორედ ამგვარმა მიდგომამ გახადა “სელექსიონი” უძლიერეს გუნდად.

- ესპანეთის ნაკრებში დიდხნიანი გამოსვლის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელმა წარმატებამ გაგახარათ?

- ჩემი ქვეყნის ნაკრების ნებისმიერი მოგება მეტად სასიხარულოა. პირველმა სანაკრებო შეხვედრებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მე ხომ ბავშვობის სანუკვარი ოცნება ავიხდინე და ესპანეთის ნაკრებში ვითამაშე. დაუვიწყარი სხვაც ბევრი იყო. მაგალითად, “სევილიის” რიგებში ჩატარებული სადებიუტო მატჩი, ჩემი მისვლა და პირველი შეხვედრა მადრიდის “რეალში”, სანაკრებო დონეზე ჰოლანდიის, იტალიისა და გერმანიის წინააღმდეგ თამაში. უმთავრესი კი, ცხადია, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მოგებაა. ეს დაუვიწყარი მომენტებია და იმედია, მათ სამომავლოდაც კიდევ განვიცდი.

- ნაკრებში ასპარეზობისას ყველაზე მეტად რომელმა ფორვარდმა შეგიქმნათ სირთულეები, კარიმ ბენზემამ ხომ არა?

- კარიმი ერთ-ერთი მათგანია. ყური მოვკარი, მისი ნაკრებიდან გამოყვანაც კი სურთ, რადგან “მარსელიოზას” არ ასრულებს. ამის გაკეთება არსდიდებით არ შეიძლება, რადგან საფრანგეთის ნაკრები დიდად დაზარალდება. ბენზემას დონის მოთამაშეები თითზე ჩამოსათვლელია. ადრე ამგვარი სიძლიერის “სამფეროვნებს” ზინედინ ზიდანი ჰყავდათ, ახლა -  ფრანკ რიბერი.

- მადრიდის “რეალი” კიდევ ერთხელ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებას?

- ღმერთმა ინებოს. ჯერ კი სტამბოლის “გალათასარაის” ბარიერი უნდა დავძლიოთ. მის შემადგენლობაში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა და “გალას” ფრთხილად და პატივისცემით ვეპყრობით.

- შეძლებს სერხიო რამოსი “ოქროს ბურთის” დაუფლებას? თუკი ეს პრიზი ფაბიო კანავაროს მიაკუთვნეს, რატომ ვერ უნდა მოახერხოთ მისი დამსახურება თქვენც?

- მცველისთვის ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ყველას შემტევები უფრო მოსწონთ.

- დიდი დრო არ დარჩა ბრაზილიის მუნდიალამდე...

- მანამდე კონფედერაციათა თასი ტარდება. ესპანეთის ნაკრებს ეს ტურნირი ჯერ არ მოუგია. შევეცდებით, პირველობა მოვიპოვოთ. მსოფლიოს ჩემპიონატს რაც შეეხება, ჯერ საფრანგეთს უნდა მოვუგოთ...

0.119818