უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის კენჭისყრის წინ, რომელიც 27 მარტს თბილისში, სასტუმრო “რედისონში” შედგება, ტურნირის შარშანდელი გაამრჯვებულის “ბარსელონას” წევრმა სერხიო ლოსანომ, უეფას ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
- შარშანდელი გათამაშებიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
- შარშანდელი ფინალურ ტურნირის შესახებ, რომელიც ჩვენ მოვიგეთ, საუცხოო მოგონებები დამრჩა. შეკრული გუნდი გვყავდა. მაქსიმალურად ვიხარჯებოდით და ქომაგები მხარს გულმხურვალედ გვიჭერდნენ. მსგავსი რამ არ გავიწყდება.
- ჩემპიონის ტიტულის დაცვა უფრო რთული იქნება, ვიდრე მისი პირველად მოგება?
- ისეთივე პასუხისმგებლობა გვეკისრება, როგორიც შარშან. მართალია, მაშინ გუნდმა ტურნირი პირველად მოიგო, მაგრამ საქმეს ახლაც იგივე პასუხისმგებლობით ვუდგები. ოქროს მედლებისთვის ბრძოლა მინდა და ამიტომ, თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, რათა მოედანზე გავიდე და გავიმარჯვო. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც პაექრობა ნებისმიერთან შეუძლია. ჩვენ ტურნირის მოსაგებად გავემგზავრებით. ფუტსალი სპორტის საუცხოო სახეობაა, ძალიან მრავალფეროვანი. წინასწარ არ იცი, მოიგებ თუ არა, მაგრამ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
- წლევანდელ ფინალურ ეტაპზე კვლავ მოხვდა მოსკოვის “დინამო”, რომელსაც შარშან ფინალში 3:1 აჯობეთ. ამ გუნდს როგორ დაახასიათებთ?
- ოთხივე ნახევარფინალისტი საუცხოო გუნდია. ყველგან წამყვანი მოთამაშეები ბრაზილიელები არიან. “დინამოელებსაც” ბრაზილიის 4-5 ძალიან ნიჭიერი წარმომადგენელი ჰყავთ, ასევე, 5-6 ნიჭიერი რუსი ფუტსალისტი. ბრაზილიელი და რუსი მოთამაშეების შერწყმიდან გამომდინარე, “დინამო” ძალიან სახიფათო გუნდია. შარშან ჩვენს სასარგებლოდ ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა. პირველი გოლი სწრაფად გავიტანეთ და გულშემატკივრები მხარს აქტიურად გვიჭერდნენ. “დინამოს” ფინალში ან ნახევარფინალში თუ შევხვდებით, ძალიან რთული შეხვედრა გველის. ამ გუნდის დამარცხება იოლი არ იქნება.
- ფინალურ ეტაპზე თამაშის დროს, რა გრძნობა გეუფლებათ?
- მიხაროდა, როდესაც ბავშვების ბედნიერ სახეებს ვხედავდი და არა მხოლოდ ლერიდაში. ფინალის დღეს დარბაზში ისეთი სასიამოვნო ატმოსფერო იყო, როგორიც მანამდე არ მახსოვს. მიხარია, რომ ბავშვები ყოველ უქმეებზე “პალაუში” (“კამპ ნოუს” მოპირდაპირე მხარეს მდებარე სპორტდარბაზი, ლ.თ.) ჩვენი გუნდის მატჩებზე დასასწრებად მოდიან. ვფიქრობ, ისინი ოცნებობენ, რომ მომავალში ჩვენი წარმატება გაიმეორონ. ეს დიდი პატივია ჩემთვის და სხვა ფუტსალისტებისთვის.
- “ბარსელონაში” თავს როგორ გრძნობთ?
- გუნდში საუცხოოდ მიმიღეს. არასოდეს მინანია, რომ “ბარსაში” გადავედი. კარგად მეპყრობიან და ყოველთვის მეხმარებიან პირადი თუ სამუშაო პრობლემების გადაწყვეტაში. კლუბის მადლობელი ვარ და მის რიგებში თამაში მაკმაყოფილებს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და იმედი მაქვს, რომ “ბარსელონაში” კიდევ დიდხანს ვითამაშებ. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ოჯახს ყოველდღე ვერ ვხედავ. ალბათ, ეს ერთადერთი მინუსია. სხვა მხრივ, ყველაფერი მისაღებია.
შეგახსენებთ, რომ უეფას ფუტსალის თასის ფინალურ ეტაპზე, “ბარსელონასთან” ერთად, თბილისის “იბერია სტარი”, მოსკოვის “დინამო” და ალმატის “ქაირათი” თამაშობენ. 27 მარტს, სასტუმრო “რედისონში” კენჭისყრა 19 საათზე დაიწყება.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა