ჯერ კიდევ მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი სერხიო აგუერო არგენტინულ ole.com-ს ესაუბრა. “ჯერ კიდევ” იმიტომ, რომ დიეგო მარადონას სიძემ განაცხადა, “როხიბლანკოში” აღარ დავბრუნდები, კლუბთან ყველაფერი გარკვეულია და სად გადავალ, ესეც მალე გადაწყდებაო.
აგუერომ კოპა ამერიკაზე ჯგუფის ბოლო მატჩში დუბლი შეასრულა კოსტა-რიკასთან და საუბარი სწორედ ამ ტურნირს შეეხო. და კიდევ, ლეო მესის...
- კოსტა-რიკასთან მატჩი შეაფასეთ.
- მანამდე, ბოლივიასთან და კოლუმბიასთან მატჩებში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. კოსტა-რიკასთან ანგარიში გავხსენით და ყველანი დავმშვიდდით. ამ მოგებამ მეოთხედფინალში გაგვიყვანა, სადაც ნერვიულობა აღარ გადაგვყვება.
- ჯგუფის ბოლო ტურში რომ ვერ მოგეგოთ, არგენტინის ნაკრებს ცუდად ექნებოდა საქმე.
- ასე იოლადაც არ ხდება ფლეი-ოფში გასვლა. ჩვენ შევეჩვიეთ მუდამ პოზიტიურ შედეგს. თავდაჯერება ვიგრძენით – თუ ყველანი ბოლომდე ვეცდებოდით მოგებას, ამოცანას აუცილებლად შევასრულებდით. რთული მდგომარეობიდან გამოვედით და ახლა ჯგუფური ეტაპი უნდა დავივიწყოთ. მშვენივრად გვესმის, რომ ახლა შეცდომების დრო აღარაა.
- რა შეიცვალა ნაკრების თამაშში?
- ბოლივიასთან ცუდად ვმოქმედებდით, ბოლო შეხვედრაში კი ჩვენი პოტენციალი გამოვავლინეთ. ესაა მთელი საიდუმლო. ფსიქოლოგიურ წნეხს გავუძელით, თუმცა ეს არაა მაქსიმუმი, უკეთაც შეგვიძლია. ახლა ყოველი მატჩი ფინალივითაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ (არგენტინა მეოთხედფინალში ურუგვაის ხვდება – რედ.).
- კოსტა-რიკასთან მატჩი შეტევის მარცხენა ფლანგზე დაიწყეთ. უხერხულად ხომ არ გრძნობდით თავს?
- საქმე პოზიციაში კი არა, თამაშის სტილის შეჩვევაშია. ჩვენი ნაკრები თითქმის ამავე შემადგენლობით იყო პეკინის ოლიმპიადაზე. კოსტა-რიკასთან 7 ის ფეხბურთელი იყო მინდორზე, რომლებმაც პეკინში ფინალში ითამაშეს. ამიტომაც იოლია ურთიერთგაგება. შეტევაში დაგვემატა გონსალო იგუაინი, რომელმაც მრავალფეროვნება შემოიტანა. პეკინში წინ მე და მესი ვიყავით, სიღმიდან კი ხუან რომან რიკელმე. სერხიო ბატისტას სურდა, რომ ჩვენ მუდმივად მეტოქის ნახევარზე გვეთამაშა. ამიტომაც, როცა ბურთი ლეოს მიუვიდოდა, მეც ვიწყებდი მოძრაობას, რათა გოლის გატანაში დავხმარებოდი. თუმცა ამჯერად გამიმართლა, თავად შევაგდე ორი გოლი.
- არ გწყინთ, რომ არგენტინის ნაკრებს სულ “ბარსელონას” ადარებენ?
- არანაირად. ვაკეთებთ იმას, რასაც მწვრთნელი გვთხოვს. ყოველთვის ვცდილობთ ბურთის დიდხანს დაჭერას.
- მიმდინარე კოპა ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ხართ, არადა, შეიძლებოდა საერთოდ ვერ გეთამაშათ ტურნირზე.
- მეც მქონდა ასეთი ფიქრები. ჩვენ ხომ ძალიან ძლიერი წინა ხაზი გვყავს. ამიტომაც ვიკლავდი თავს “ატლეტიკოში”, რათა მწვრთნელს შეემჩნია და გამოვეძახებინე ნაკრებში. თუმცა ესეც არ იყო ძირითადში თამაშის გარანტი.
- მესი-აგუეროს შედარებებით არ დაიღალეთ?
- შეიძლება ითქვას, კი. მესი ფენომენია და ამაზე ვერავინ იკამათებს. მთელი მსოფლიო ლეოზე ლაპარაკობს, ამიტომაც ნურავის გაუკვირდება, ყვეალს მას რომ ადარებენ. კოპა ამერიკაზე მესისგან ისეთივე სასწაულებს ელიან, რასაც “ბარსელონაში” აკეთებდა, თუმცა ფეხბურთელს ეს ყოველთვის არ გამოსდის. ხალხმა უნდა გაიგოს და მოითმინოს: სამხრეთამერიკული და ევროპული ფეხბურთი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, გადაწყობას კი დრო სჭირდება.
- მესიმ ჰიმნი კვლავ ვერ ისწავლა?
- დავიღალეთ და ამ თემაზე აღარ ვეხუმრებით. ადამიანს არ უნდა ჰიმნი იმღეროს, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ვერავინ შეცვლის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ლეოს თავისი ქვეყანა არ უყვარს. ის მზადაა, არგენტინისთვის მინდორზე მოკვდეს და ამას თამაშითაც ამტკიცებს.
ილია ნანობაშვილი