ბატონი სერგო 50 წელს მიტანებული კაცია, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისი ერთი შვილი, ცოლი, ხაშლამა და ფეხბურთი უყვარს. სერგო მფრინავია და როგორც ამ ხელობის კაცს შეეფერება, სასმელს იშვიათად ეკარება. ამის არც დრო აქვს და არც მხარდაჭერა “ზემოდან”. მაგრამ ხაშლამისა და ფეხბურთის სიყვარულში (ცოლ-შვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ) არასოდეს იჭრება და ამ სიამეებთან დაკავშირებული უამრავი ისტორიაც დაგროვებია ფიქრებსა და მოგონებებში.
ერთხელ, 1998 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ეს ჩვენი მხნე მფრინავი თბილისი-პარიზის რეისს ასრულებდა და მთელი გზის მანძილზე კოსტუმის ჯიბეში მალი-მალ სიამაყით ისინჯავდა საფრანგეთი-ბრაზილიის ფინალური მატჩის ბილეთს. მისთვის პერსონალურად გამოყოფილ პატარა მაცივარში კი, წინა საღამოს მომზადებული ახალთ-ახალი ცხვრის ხაშლამა ეგულებოდა. ფრენა საკმაოდ რთული გამოდგა და ამინდმაც, როგორც იტყვიან, “ვერ ივაჟკაცა”, მაგრამ თვითმფრინავი მაინც უპრობლემოდ დაეშვა პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში.
სერგო ის კაცი არ არის, რომელიც რაგინდარა საამო სადილს მარტო მიირთმევს. ამიტომ, თავის გემრიელ ხაშლამაზე ჯერ მეგობარი მფრინავები დაიწვია, რომლებმაც შესანიშნავად იცოდნენ სერგოსა და მისი საყვარელი კერძის ურთიერთსიყვარულის ამბავი და ამ შემოთავაზებაზე ყველამ უარი უთხრა. შემდეგ, თვითმფრინავის ბორტგამცილებელ კოხტა ასულებზე გადავიდა და ახლა მათ თხოვა კომპანიონობა. მაგრამ, მათაც უგანეს და ეს ჩვენი, ოდნავ ჭაღარაშერეული მფრინავი იძულებული გახდა, სადილი გვიანი პერიოდისთვის გადაედო. ზურგჩანთაში თავისი ხაშლამის დიდრონი ნაჭრები ჩააწყო და მაშინ ახლადაშენებულ “სტად დე ფრენსისაკენ” სანატრელი ფინალის სანახავად გასწია.
სერგო მავშვობიდან ბრაზილიის ნაკრებისა და საერთოდ, ბრაზილიური ფეხბურთის დიდი მოტრფიალე იყო. ამიტომ, ბუნებრივია, ბრაზილიის ქომაგებისათვის იმ ავადსახსენებელ ფინალშიც “სელესაოს” ქომაგობდა. მაგრამ ისე, უბრალოდ და მხოლოდ შეძახილებით კი არ შემოიფარგლებოდა... პერიოდულად სიტყვაუხვ ქართულ გინებებსაც იშველიებდა და მის გარეშემო შემოკრებილ ფრანგ გულშემატკივრებს ნერვებს უშლიდა (დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს ჩვენი სერგო აღარ დააკვირდა ბილეთზე დატანილ ტრიბუნების რაობას და სტადიონზე ფრანგი ქომაგების გარემოცვაში აღმოჩნდა). ფრანგები ფინალში ბრაზილიელებს ბევრად სჯობდნენ და რა თქმა უნდა, ამის გამო შესანიშნავ ხასიათზეც იყვნენ. ამიტომ, სერგოს ემოციებს განსაკუთრებულ ყურადღებას თავიდან არ აქცევდნენ. თუმცა, ნამდვილად არ იქნებოდნენ ბედნიერი იმით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მათთვის ესოდენ საოცნებო ფინალში მათსავე ქალაქში ფრანგ ქომაგთა შუაგულში ეჯდათ მფრინავისფორმიანი უცნაური კაცი, რომელიც ფრანგი ფეხურთელების ყოველ გარღვევაზე სტვენითა და წიოკით იკლებდა ყველაფერს.
შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, სერგომ წახემსება გადაწყვიტა და ფრანგი ქომაგების თვალწინ ჩანთიდან თავისი დიდებული ხაშლამის ნაჭრები ამოაწყო. როგორც ჭეშმარიტ ქართველსა და კავკასიელს შეეფერება, ხაშლამა ფრანგებსაც შესთავაზა. საქმე ისაა, რომ თბილისიდან პარიზის აეროპორტში, აეროპორტიდან კი “სტად დე ფრანსემდე” ნათრევი ხაშლამა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და კვების ამბებში ესთეტმა ფრანგებმა ჩათვალეს, რომ ეს “უცხოელი გიჟი მფრინავი” რაღაც ყოვლად უცნაურსა და არაკანონიერს გეახლებოდათ. მოიმარჯვეს მობილური ტელეფონები და პოლიციასთან ერთად, ის სპეციალური სამსახურები გამოიძახეს, რომლებსაც სურსათის კონტროლი ევალებათ. ეს იყო ფრანგი ქომაგების ყველაზე უცნაური შურისძიება მოწინააღმდეგეზე. ამ ჩვენს საცოდავ სერგოს, თავს ერთად დაესხა პოლიცია და სურსათის კონტროლის სამსახური, ფაქტობრივად ხელიდან გამოსტაცეს ის თავისი დიდებული ხაშლამა და დასაკითხად წააცუხცუხეს. ამის გამო, სერგომ თამაშის მეორე ტაიმს, რასაკვირველია, ვერ უყურა. მთელი ორი საათი ფრანგ პოლიციალებსა და სურსათის მაკონტროლებლებს უხსნიდა, ვინც იყო და რასაც გეახლებოდათ.
ამასობაში, ხაშლამის შემოწმების შემდეგ პასუხიც მოვიდა და ფრანგებმა ირწმუნეს, რომ ამ კერძში არაფერი იყო აკრძალული და საზიანო. ამ შეყოვნების გამო, მათ სერგოს, რასაკვირველია, ბოდიშიც მოუხადეს, მაგრამ ნანინანატრი ფინალის მეორე ტაიმი უნახავი დარჩა. ახლა, როდესაც სერგო ამ ამბავს ყვება, ბოლოს ყოველთვის ასე ამატებს: “კიდევ კარგი ის მეორე ტიამი არ ვნახე, თორემ ალბათ გული გამისკდებოდაო”. შეიძლება, ამას გულრწფელადაც ამბობს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ამ ამბის შემდეგ, ხაშლამა რეისებში აღარასოდეს წაუღია. საშარო საქმეა მაინც...