სტატიები

15:34 | 8.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

სერგო კოტრიკაძე – დარიალის მეციხოვნე

...როდესაც სერგო კოტრიკაძე თბილისის “დინამოში” თავის ხანგრძლივ და წარმატებულ კარიერას იწყებდა და მწვრთნელებიც მას თანდათან ქართული საკლუბო ფლაგმანის კარის დაცვას ანდობდნენ, ბორის პაიჭაძემ დაიმარტოხელა და უთხრა: “სერგო, ყოველთვის გახსოვდეს, რომ “დინამოს” კარს კი არა, დარიალის შემოსასვლელს იცავ და ნებისმიერ მატჩში სათამაშოდ გასულს ეს არ დაივიწყო”. სერგო კოტრიკაძეს ყველა თაობის ქართველ გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელის ეს შეგონება კარგად ახსოვდა და თბილისის “დინამოს” მეციხოვნეობას თხუთმეტი წლის განმავლობაში თავდადებითა და ოსტატობით ღირსეულად სწევდა.
ბატონი სერგო ფენომენალური რეაქციით გამოირჩეოდა, რისი წყალობითაც კარის კუთხეებიდან არაერთი “მკვდარი” ბურთი გამოუძვრია, თუმცა, იგი პოზიციურ თამაშშიც ძლიერი იყო და დაცვის ხაზთან შეთანხმებულად მოქმედებდა. მას კარგად ესმოდა, რომ მეკარე და დაცვის ხაზი ორი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო კომპონენტია, მათი მოქმედება ერთმანეთს უნდა ავსებდეს და ამ რგოლების ერთმანეთისგან განცალკევება წარმოუდგენელია.
თბილისის “დინამოს” მეკარე, აკრობატული ნახტომებისა და კარის ხაზზე საიმედო თამაშის წყალობით, ქართველ გულშემატკივართა საყვარელი სპორტსმენი გახლდათ, თუმცა, ბატონ სერგოს სამეკარეო ტალანტს დაფასება არც საზღვარგარეთ აკლდა. 1959 წელს “დინამოს” ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტურნე ჰქონდა. გუნდმა დანიასა და ლუქსემბურგში ჩატარებული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ საფრანგეთშიც იასპარეზა. იმხანად, ფრანგებს ძლიერი ნაკრები ჰყავდათ – 1958 წლის მუნდიალზე სამფეროვნებმა მესამე ადგილი დაიკავეს. “დინამომ” კი ფრანგული ტურნეც წარმატებით ჩაატარა და დიდი მოწონებაც ხვდა წილად. სწორედ მაშინ შესთავაზა “რასინგმა” სერგო კოტრიკაძეს მისი რიგების დაცვა. მოგეხსენებათ, “რკინის ფარდის” გამო ამის გაკეთება შეუძლებელი იყო და ქართველმა გოკიპერმაც კვლავინდებურად საბჭოთა კავშირის სტადიონებზე გააგრძელა ბრწყინვალე თამაში. ექვსჯერ მოუწია სერგო კოტრიკაძეს სამხრეთამერიკულ ტურნეებზე გამგზავრება, 1962 წელს კი, დასავლეთ ნახევარსფეროში გამომავალმა ერთ-ერთმა პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ, ქართველი მეკარე პლანეტის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. არადა, “მოედნის მოთამაშეებს” შორის სერგო კოტრიკაძის “წარმოსახვითი” პარტნიორები თვით პელე და გარინჩა იყვნენ.
სერგო კოტრიკაძისთვის 1962 წელი სხვა მხრივაც იყო მნიშვნელოვანი – იგი ხომ საკავშირო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანეს. მუნდიალის მასპინძელ ჩილესთან მეოთხედფინალური მატჩის წინა, დღეს მას ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავრიილ კაჩალინი განცალკევებით ესაუბრა და განუცხადა, მოემზადე, ლევ იაშინი უნდა შეცვალოო. სამწუხაროდ, ბატონ სერგოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება არ მიეცა, რაშიც კაჩალინს ბრალი ნაკლებად მიუძღვის – მოარული ხმების თანახმად, კოტრიკაძის თამაშის წინააღმდეგ საკავშირო გუნდის უფროსმა ანდრეი სტაროსტინმა გაილაშქრა. მუნდიალზე უთამაშებლობის “საკომპენსაციოდ” კი, სერგო კოტრიკაძე 1962 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
აქტიური სამეკარეო კარიერის დასრულების შემდეგ, სერგო კოტრიკაძე კვლავ ქართული ფეხბურთის სამსახურში დარჩა და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მომავალი თაობის მეკარეების სათანადო აღზრდაზე ზრუნავდა. ასაკოვან გულშემატკივარს კარგად ახსოვს ბატონი სერგოს ელვისებური ნახტომის შემდეგ “დინამოს” გადარჩენილი კარი, ახალგაზრდა ქომაგებს კი კოტრიკაძის ბრწყინვალე თამაშზე გარკვეულ წარმოდგენას ჩვენ მიერ შერჩეული ფოტოები შეუქმნის...

გოჩა კაჭარავა

0.131896