თბილისს ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი სერგიუს იოვაიშა სტუმრობს. ორგზის ოლიმპიურმა პრიზიორმა (სსრკ-სა და ლიტვის შემადგენლობაში), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა დღეს “შერატონ მეტეხი პალასში” პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სასტუმროს დატოვებამდე კი იოვაიშას დამატებით რამდენიმე კითხვა დავუსვით. მიუხედავად იმისა, რომ იოვაიშას საქმეზე მიეჩქარებოდა, შეყოვნდა და ჩვენი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა.
- თქვენი აზრით რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქართული კალათბურთი?
- თქვენ დედაქალაქში 25 წელია არ ვყოფილვარ და როდესაც თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა, გულში გამარჯობა თბილისო, გამარჯობა საქართველო წარმოვთქვი. აქ ლიტვაში თქვენი ყოფილი ელჩის მოწვევით ვიმყოფები. გავიცანი მიხეილ გაბრიჩიძე, რომლის მიზანი ქართული კალათბურთის აღორძინებაა და ამ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანაც მსურს. ჯერჯერობით სიტუაციის გაცნობა სათანადოდ ვერ მოვასწარი, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს – თქვენი საკალათბურთო ინფრასტრუქტურა მოიკოჭლებს. მოზარდ კალათბურთელებს კარგი ეკიპირება უნდა ჰქონდეთ, რეგულარულად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტურნირებში, ასპარეზობდნენ შიდა ჩემპიონატებში. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითნაბადი მარგალიტებისგანაც კი ვარსკვლავების გაზრდა შეუძლებელია. საქართველოში მრავლად გყავთ უმაღლესი კლასის ვეტერანები და ისინი მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები ყოველდღიურ საკალათბურთო საქმიანობაში. მეჩვენება, თითქოს თქვენი სახელოვანი მოთამაშეები ნაკლებად არიან დატვირთულნი.
საწყის ეტაპზე მთავარი ყურადღება ბავშვთა კალათბურთს უნდა მიექცეს. თუკი თქვენ საკალათბურთი პირამიდას მყარი საფუძველი არ ექნა, მთლიან პროგრესზე ფიქრი ზედმეტია. თავადაც ხომ ნახეთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე როგორი მოკლე სკამი ჰქონდა. ეროვნულ გუნდში 10-12 სრულფასოვანი მოთამაშე უნდა ირიცხებოდეს. ეს კი მხოლოდ ბავშვთა კალათბურთის მაღალ დონეზე აყვანითაა შესაძლებელი.
თქვენში კალათბურთი ახალ თვისობრივ ეტაპზეა გასაყვანი და ამ მხრივ ლიტვის დახმარების იმედი უნდა გქონდეთ. ორგანიზაციული სახით დახმარების გაწევა ნამდვილად შეგვიძლია. ჩვენი ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, შევეცდებით კარგი მასწავლებლები ვიყოთ, თქვენ კი ბეჯითი მოსწავლეები რომ იქნებით, ეჭვიც არ მეპარება. ლიტვის კალათბურთის ფედერაცია და ჩვენი კორიფეები მზად არიან თქვენთვის დახმარების ხელის გამოსაწვდენად. მალე საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებთ და ამის შემდეგ ახალ ხელმღვანელობასთან სამუშაო-სამოქმედო გეგმას შევათანხმებთ. ხვალ საქართველოს სპორტის მინისტრს, ბატონ ყიფიანს შევხვდები. ძალიან ბევრია დამოკიდებული სახელმწიფოს დახმარებაზე. ლიტვაში, მაგალითად, კალათბურთში 300 მილიონი ევრო ტრიალებს. კალათბურთი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ნაწილი გახდა. შესაძლოა, თავდაპირველად სახელმწიფოს მხრიდან გაღებულმა თანხამ სწრაფი ეფექტი არ გამოიღოს, მაგრამ თანდათან სასიკეთო შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
მეტად მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების აქტიურობა. საქართველოში ამ მხრივ სამაგალითოა “ჰიუნდაი”. კერძო კაპიტალის გარეშე კალათბურთს ვერ განავითარებთ. საქართველო და ლიტვა პატარა ქვეყნები არიან, ამიტომაც ნებისმიერ ტალანტს თვალის ჩინივით გაფრთხილება სჭირდება. ლიტვაში სწორედ ასე იქცევიან. თქვენ დიდი ნაბიჯი გადადგით ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. შესაძლოა ევროკავშირი-საქართველო-ლიტვის კალათბურთის განვითარების ერთობლივი პროგრამა შემუშავდეს. ნუ მიწყენთ და თქვენ დროის გარკვეული პერიოდი დაკარგეთ და ახლა საქმეს ხელი სერიოზულად უნდა მოჰკიდოთ. ქართველებს და ლიტველებს კალათბურთის სიყვარული სისხლში გვაქვს გამჯდარი, მაგრამ თქვენთან ორგანიზაციული მხარე მოიკოჭლებს.
- ბავშვებიდან დაწყებული პროფესიონალი მოთამაშეებით დასრულებული, ლიტვაში კალათბურთში რამდენი ადამიანია ჩართული?
- ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ დაახლოებით 40 ათასი კალათბურთელი გვყავს. ლიტვის ყველა ქალაქში საკალათბურთო ცენტრებია შექმნილი. მოგეხსენებათ, ჩვენში კალათბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა. ყოველწლიურად რომელიმე ტურნირს ვიგებთ. გოგონების და ჭაბუკების 5-5 ასაკობრივი ნაკრები ევროპელ თანატოლებს ეპაექრება და პრიზიორებიც ხდებიან. ამჟამად 2 მოთამაშე, მოტეიუნასი და ვალანჩუნასი, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობს, 30 მოთამაშე ევროპულ კლუბებში გვყავს. ცუდია ისაა, რომ ლიტვის კლუბებს ჩვენი ძვირადღირებული კალათბურთელების “შენახვის” ფინანსური საშუალება არ აქვთ. სპონსორები ყოველწლიურად სხვადასხვა რაოდენობის თანხით ეხმარებიან კლუბებს. მაგალითად, 1999 წელს “ჟალგირისმა” ევროლიგა მოიგო, მაგრამ გუნდის შარშანდელი შემადგენლობა ლამის ხუთჯერ უფრო ძვირადღირებული გახლდათ.
- ევროპის ჩემპიონატზე ლიტვისა და საქართველოს ნაკრებების გამოსვლაზე რას გვეტყოდით?
- 2011-ში ჩემ სამშობლოში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე მაკედონიასთან წავაგეთ და ნახევარფინალში ვერ გავედით. კესტუტის კემზურა ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არაა, მაგრამ კალათბურთელებში ავტორიტეტი ვერ მოიხვეჭა. იონას კაზლაუსკასმა ეს მოახერხა. იგი მეტად კარგად არჩევდა ხუთეულს და ყველა მატჩის კონკრეტულ მომენტში ოპტიმალურ შემადგენლობას აყენებდა პარკეტზე. ჯგუფში გაგვიჭირდა, მაგრამ კაზლაუსკასმა იპოვა სიტყვები, რომლებმაც ბიჭები დამუხტა. მან ლიტვის ნაკრების მოთამაშეებს მიმართა, ჩემოდნები ჩავალაგოთ თუ წინ წავიდეთო. ლიტვის ნაკრები ფინალში გავიდა და მედლებს სამომავლოდაც მოვიპოვებთ. საქართველოს ნაკრები მეტად ლამაზად თამაშობდა, მაგრამ მოკლე სკამმა დაგაღალატათ. ასეთ მჭიდრო საასპარეზო გრაფიკს კი მეტი მაღალი კლასის კალათბურთელი სჭირდება. ძალიან მომეწონა თქვენი ნაკრების მებრძოლი სული. ევროპის ჩემპიონატის წინ ჩვენმა ორმა ნაკრებმა ტესტ-მატჩი ჩაატარა და ძირითად დრო ფრედ დასრულდა. ლიტვაში ამგვარ შედეგზე ბევრი ოცნებობს. კონტინენტის მოახლოებული ჩემპიონატის წინ ჩვენებმა ქართველებს ოვერტაიმის გამართვისგან თავის შეკავება შესთავაზეს, მაგრამ ქართველებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და დამატებითი დროის ჩატარება მოითხოვეს.
- შეუძლებელია 1992 წლის ოლიმპიადაზე არ გკითხოთ. რა განწყობით გაემგზავრეთ და ითამაშეთ ბარსელონაში?
- საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური თამაშების პრიზიორიც ვყოფილვარ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მომიგია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ღირებული ჯილდო ბარსელონაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალია. ლიტვა საბჭოთა კავშირის ანექსიამდეც მოწინავე საკალათბურთო ქვეყანა იყო, საკავშირო ნაკრების წარმატებებიც დიდწილად ჩვენ გვიკავშირდებოდა და გვსურდა დაგვემტკიცებინა, რომ გათავისუფლების შემდეგაც ავანგარდში ვიქნებოდით. საბედნიეროდ ეს შევძელით. სამომავლოდაც ლიტვის ნაკრების წარმატებების საფუძვლიანი იმედი მაქვს. ახლა მთავარია, ჩვენმა ახალგაზრდა მოთამაშეებმა სტაბილურობას მიაღწიონ. ჩემთვის ამ მხრივ ერთ-ერთი სამაგალითო კალათბურთელი მიხეილ ქორქიაა. მას ხშირად 30 ქულა გაუკეთებია, უფრო მაღალ ნიშნულზეც ასულა, მაგრამ 20 ქულიან ზღვარს დაბლა პრაქტიკულად არასდროს სცილდებოდა.
- ბოლო ტიტული 40 წლისამ მოიპოვეთ, როდესაც “ჰაგენთან” ერთად გერმანიის თასს დაეუფლეთ. როგორ მოახერხეთ 2 ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოპტიმალური სპორტული ფორმის შენარჩუნება?
- როდესაც საყვარელ საქმეს ერთგულად ემსახურები, ბევრს მიაღწევ. ვეტერანები ბოლოს 2 წლის წინათ შევიკრიბეთ. “ჟალგირისისა” და ცსკას ყოფილი კალათბურთელები კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და მოსკოველები ქულის სხვაობით დავამარცხეთ. დღემდე მეტოქეებად ვრჩებით, მტრობა კი ჩვენთვის უცხოა.
კოლია დერიუგინის გაცილებაზე მოწვევა მქონდა და თბილისში გამოსამგზავრებელი ბილეთიც ავიღე, მაგრამ უეცრად სიმამრი გარდამეცვალა და საქართველოში ვიზიტი ჩაიშალა. აქვე გავიხსენებ თბილისის “დინამოსთან” ჩატარებულ მატჩებს. თქვენ სპორტის სასახლეში თამაში ძალიან რთული იყო. დინამოელები ყურადღების ოდნავ მოდუნებას არავის აპატიებდნენ და თბილისში მოგება, საბონისთან ერთადაც, კი გვიჭირდა. მახსოვს საქმე ორჯერ ოვერტაიმამდე მივიდა.
- ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის წლისთავზე არვიდას საბონისმა პოსტის დატოვების სურვილი გამოთქვა...
- მაშინ ცნობილი ლიტველი კალათბურთელები ფედერაციის მაშინდელ გენერალურ მდივანს აუმხედრდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. არადა, 2011-ში ევროჩემპიონატი ლიტვაში რომ ჩატარდა, მაშინდელმა გენმდივანმა ამაში დიდი როლი ითამაშა. საბონისმა განაცხადა, ინტრიგებში მონაწილეობას არ მივიღებ და მიჯობს გადავდგეო. საქმეში ყველა ავტორიტეტული ლიტველი კალათბურთელი და მწვრთნელი ჩაერთო. საბოლოოდ საბასს დარჩენა “ვაიძულეთ”, გენერალური მდივანი კი ახალი გვყავს.
- ვლადას გარასტასზეც გკითხავთ. იგი ბრწინვალე მწვრთნელი გახლდათ და გასული საუკუნის 80-იან წლებში “ჟალგირისის” წარმატებები უპირველესად მის სახელს უკავშირდება. საბონისამდე ფედერაციის პრეზიდენტი გარასტასი იყო. როგორ თავკაცობდა იგი ლიტვის კალათბურთის ფედერაციას?
- გარასტასი კარგად გაუძღვა მინდობილ საქმეს, რაც ლიტვის ნაკრების შედეგებიდანაც სჩანს. მწვრთნელობას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი ქვეყანა იყო და ინფორმაციის, მათ შორის საკალათბურთოსი, მოპოვება ძლიერ ჭირდა. საერთაშორისო მატჩებში ხშირად ისე გავსულვართ სათამაშოდ, მოწინააღმდეგეზე არაფერი ვიცოდით. ვლადასი ხუმრობით გვეტყოდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ უნდა მოვიგოთო...