ჩოგბურთი

14:32 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენას საიუბილეო გამარჯვება

  32 წლის სერენა უილიამსმა პეკინში მიმდინარე China Open-ზე რუს მარია კირილენკოს 7:5, 7:5 მოუგო, მეოთხედფინალში გავიდა და მიმდინარე სეზონის განმავლობაში 70-ე მატჩი მოიგო. წლეულს უმცროსმა უილიამსმა 74 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ოთხჯერ დატოვა კორტი წაგებით გულდაწყვეტილმა. სერენა კირილენკოს საათსა და 37 წუთში “გაუსწორდა”, რუსთან დაპირისპირებათა ბალანსი 8:0 გახადა, მეოთხედფინალში კი თანამემამულე სლოან სტივენსისა და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის შორის მოგებულს შეხვდება.

სერენა უილიამსის საამსეზონო გამოსვლას რაც შეეხება, ბოლო 20 სეზონის განმავლობაში მის მსგავს წარმატებას (70 მატჩის მოგებას ვგულისხმობთ) მხოლოდ გერმანელმა შტეფი გრაფმა (77 მოგება, 1993 წელი), შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა (1997 და 1999 წლებში 71 ასპარეზობაში იმარჯვა), ბელგიელმა კიმ კლეისტერსმა (90 მოგება – 2003 წელი), ასევე ბელგიელმა ჟუსტინ ენინმა (75 წარმატება იმავე 2003 წელს) და სერბმა ელენა იანკოვიჩმა (72 მოგება 2007 წლის სეზონში) მიაღწიეს.

0.123252