ამერიკელი სერენა უილიამსი ქალ ჩოგბურთელთაგან მეხუთე გახდა, რომელიც რეიტინგს მინიმუმ 200 კვირის განმავლობაში უდგას სათავეში. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი გერმანელ შტეფი გრაფს აქვს - 377 კვირა. მოწინავეთა ხუთეულში მარტინა ნავრატილოვა (332), კრის ევერტი (260) და მარტინა ჰინგისი (209) არიან. ამასობაში უილიამს-უმცროსმა სტენფორდის ტურნირის ფინალში გერმანელ ანგელიკ კერბერს 7:6 (7:1), 6:3 მოუგო.
კერბერის დამარცხების შემდეგ სერენამ შემდეგი განაცხადა: “როდესაც პირველ სეტში 1:5-ს ვაგებდი, გავიფიქრე, რომ ყოველი ქულისთვის უნდა მებრძოლა. ასეც გამოვიდა. ოპტიმალურ ფორმას თანდათან ვუახლოვდები და მალე უკეთაც ავთამაშდები. წინა სადიდსლემო ტურნირებზე ცუდად გამოვედი, ამიტომაც ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებით თამაში აუცილებელია”.