სერენა უილიამსი WTA-მ სეზონის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელა, ლეგენდარულმა ამერიკელმა მოთამაშემ კრის ევერტმა კი უილიამს-უმცროსი წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდების კანდიდატად დაასახელა. წლის სპორტსმენს ტრადიციულად ავტორიტეტული გამოცემა Sports Illustrated ატარებს, შარშან კი ტიტული “მაიამი ჰითის” კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსს ერგო.
ამასობაში სერენამ ამერიკული პრესის წარმომადგენელთან განაცხადა, რომ 2014 წელს მინიმუმ ერთი სადიდსლემო შეჯიბრების მოგებას შეეცდება და ამ ტურნირებზე გამარჯვებათა რაოდენობით მარტინა ნავრატილოვასა და კრის ევერტის დაწევა სურს. სადღეისოდ სერენა უილიამსის ანგარიშზე 17 სადიდსლემო ტრიუმფია, ნავრატილოვასა და ევერტის ანგარიშზე კი 18-18. დიდი სლემის ასპარეზობები ყველაზე მეტჯერ, 22-ჯერ გერმანელ შტეფი გრაფს მოუგია.
წლის სპორტსმენს რაც შეეხება, ევერტს ეს წოდება 1976 წელს მიაკუთვნეს, ხოლო ჩოგბურთელმა ეს ტიტული ბოლოჯერ 1992 წელს დაიმსახურა. არტურ ეშს საჩოგბურთო კარიერა იმხანად 12 წლის წინ შეწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ საუკეთესოდ მაინც ის სცნეს.