მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ამერიკელი სერენა უილიამსი აგრძელებს დამაჯერებელი თამაშის ჩვენებას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მესამე წრეში მან 2 სეტში გაანადგურა 23 წლის რუმინელი სორანა კირსტეა 6:0, 6:2 და შემდგომი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
შეხვედრა 61 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სერენამ 5 ბრეიკი შეასრულა, 3 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისმა მოწინააღმდეგემ კი სამი ბრეიკპოინტიდან ვერცერთი ვერ გამოიყენა და თავი მხოლოდ 3 ორმაგი შეცდომით გამოიჩინა. დღევანდელი მატჩი ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში მეორე გამოდგა და ამერიკელი მშრალი ანგარიშით ამარცხებს მეტოქეს 2:0.
“როლან გაროსის” მეოთხედფინალის საგზურისათვის უილიამსი ჩეხ პეტრა ცეტკოვსკას და იტალიელ რობერტა ვინჩის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დებ უილიამსთა მრისხანე დუეტი არ მიიღებს მონაწილეობას “როლან გაროსის” წყვილთა თანრიგში, რაც მნიშვნელოვნად უზრდის მოტივაციას და წარმატებაზე ფიქრის შესაძლებლობას ტურნირის დანარჩენ მონაწილეებს.