ჩოგბურთი

15:43 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი: “სპორტულ ფორმაში ყოფნა სასიცოცხლო ტონუსს მმატებს”

 მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ქალმა სერენა უილიამსმა სტამბოლში სეზონის შემაჯამებელი ტურნირის პირველი მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარა. გერმანელი ანგელიკ კერბერის დამარცხებით, უილიამს-უმცროსმა ამ შეჯიბრებაზე მიჯრით მეთერთმეტე მატჩი მოიგო, მიზნად კი მიმდინარე ტურნირის მოგებაც აქვს დასახული. სერენასთან ინტერვიუს შემოთავაზებამდე კი მოგახსენებთ, რომ სტამბოლში სასტარტო ასპარეზობის მოგების შედეგად მან 2013 წელს 10 მილიონი დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა. ამასთან, სერენა უილიამსი პირველი ჩოგბურთელი ქალია, რომელმაც წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარი დაიმსახურა.

 - მიმდინარე სეზონი თქვენთვის ფრიად დატვირთული აღმოჩნდა. ბოლო წერტილს სტამბოლში დასვამთ. როგორ ფიზიკურ ფორმაში ხართ – დაღლილი თუ ისეთივე ენერგიით აღსავსე, როგორც საგრუნტო სეზონის სტარტის წინ?

- თუკი მაიამისა და ჩარლსტონის სტარტის წინ ჩემ მდგომარეობას ავიღებთ, ამჟამად უფრო გადაღლილი ვარ. ამასთან, თავს ახლაც მშვენივრად ვგრძნობ და საბრძოლველადაც მზად გახლავართ.

- სტამბოლის წლის შემაჯამებელ ტურნირს დედათქვენიც ესწრება. რამდენიმე დღის წინ ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვინუსმა დედას საკუთარი სახლი სიმბოლურ ფასად, 10 დოლარად მიჰყიდა. მართალია?

- ამის თაობაზე არაფერი მსმენია. არც გამოკითხვის დრო მქონდა – მხოლოდ ჩოგბურთზე ვფიქრობ.

- მომდევნო შეხვედრაზე რას ფიქრობთ?

- აგნეშკა რადვანსკასთან ვთამაშობ, არა? შემაჯამებელი ტურნირი მეტისმეტად რთული შეჯიბრებაა და ნებისმიერ მატჩში ძალის ბოლომდე დახარჯვაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცხს თავიდან ვერ აიცილებ. სტამბოლში უძლიერესი ჩოგბურთელები შეიკრიბნენ, ამიტომაც ყოველი შეხვედრა უმძიმესია.

- წლის შემაჯამებელი ტურნირი სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 3 წლის მასპინძლობის შემდეგ სტამბოლიც ესტაფეტას სხვა ქალაქს გადასცემს. როგორ გგონიათ, ამ შეჯიბრების “მოგზაურობა” ჩოგბურთის პოპულარიზაციას ხელს უწყობს?

- გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. 1979-2000 წლებში სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ნიუ იორკში ტარდებოდა და მატჩებს გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს. ვოცნებობდი ნიუ იორკში გამოსვლაზეც. კარგად მესმის, რომ ამგვარი შეჯიბრებების მასპინძლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი და მნიშვნელოვანია. თურქეთსაც ჩოგბურთის შემდგომი პოპულარიზაციის მშვენიერი შესაძლებლობა მიეცა.

- 2013 წელს განსაკუთრებით ბევრი მატჩი ჩაატარეთ. ამგვარი დაძაბული გრაფიკი ტრავმის თავიდან აცილებაში ხომ არ დაგეხმარათ?

- საინტერესო კითხვაა. აქამდე არასდროს მიფიქრია, არის თუ არა კავშირი ინტენსიურ თამაშსა და ტრავმებს შორის. სპორტულ ფორმაში ყოფნა სასიცოცხლო ტონუსში გამყოფებს, თუმცა, არ მგონია ბევრი მატჩის ჩატარება სხვადასხვა სახის დაზიანების თავიდან აცილებას უწყობდეს ხელს.

0.133994