სერენა უილიამსმა გუშინ თავისი 16-ე სადიდსლემო ტიტული მოიპოვა და მისი სადღეისო ფორმის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკელი ვარსკვლავი მიღწეულს არ დასჯერდება. მომავალ სტარტებამდე კი უილიამს-უმცროსი ჟურნალისტებს გაესაუბრა და დაადასტურა, რომ სოლიდური სპორტული ასაკის მიუხედავად თავს ახალგაზრდულად გრძნობს.
- სერენა, “როლან გაროსზე” გასულ წელს პირველივე წრეში წააგეთ, წლეულს ჩემპიონი გახდით. ღა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში?
- უფრო მშვიდი გავხდი. გასულ სეზონში საფრანგეთის ღია პირველობის წინ ჩატარებულ ტურნირებზე კარგად გამოვედი, წლეულსაც ასე იყო, მაგრამ ამჯერად ფსიქოლოგიურად სათანადოდ განვეწყვე. თანაც, 2012-ში სასტარტო მატჩში დამარცხების შემდეგ დასაცავი არაფერი მქონდა და ლაღად ვითამაშე.
- “როლან გაროსზე” 2002-ში მოიპოვეთ მთავარი პრიზი. მაშინ თუ წარმოიდგენდით, საფრანგეთის ღია პირველობაზე განმეორებითი ტრიუმფისთვის ესოდენ დიდი დრო რომ დაგჭირდებოდათ?
- ვიცოდი, რომ კარიერაში პირველი და ბოლო “როლან გაროსი” არ მქონდა მოგებული. გასულ სეზონებში ცდა და მონდომება არ დამიკლია, ნებისმიერ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯებოდი, თუმცა, შეცდომებიც მომდიოდა. მარცხში მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და თუკი თამაში წამივიდა...
- როგორ გგონიათ, ამ ასაკში ესოდენ მაღალ დონეზე ასპარეზობას რის ხარჯზე ახერხებთ?
- თავისუფლად ვთამაშობ და მატჩის ყოველი მომენტისგან სიამოვნებას ვიღებ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი არ მიჩვენებია. წლებთან ერთად თამაშსაც ვაუმჯობესებ. ყოველთვის მაქსიმალურ ამოცანას ვისახავდი მიზნად და ამჟამადაც არაფერი შეცვლილა.
- სექტემბერში 32 წლისა გახდებით. საშუალო საჩემპიონო ასაკი თანდათან იზრდება. ეს ფაქტი რა ტენდენციაზე მიუთითებს?
- ასაკი არაფერზე მეტყველებს. ფიზიკური მზადყოფნის ასპექტით ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ მზად. საერთოდ ვერ ვგრძნობ, 31-ის რომ ვარ.
- მარია შარაპოვას თამაშზე რას გვეტყოდით?
- ვფიქრობ, მაშამ კარგად ითამაშა. შესაძლოა, ჩემ წინააღმდეგ ასპარეზობისას ასე სოლიდურად არასდროს გამოიყურებოდა. შარაპოვა ფინალში სათამაშოდ კარგად მოფიქრებული გეგმით გამოვიდა და შეეცადა, საუკეთესო ჩოგბურთი ეთამაშა. დრო და დრო, მაშას ეს გამოუვიდა.
- კვირას მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ჩატარდება გადამწყვეტი მატჩი. ვის ქომაგობთ – რაფა ნადალს თუ დავიდ ფერერს?
- ნადალის დიდი გულშემატკივარი ვარ. მოხარული ვარ, რომ ფერერმა ფინალში გააღწია. დავიდს შრომისმოყვარეობისა და ჩოგბურთისადმი დამოკიდებულების გამო დიდ პატივს ვცემ. ფერერი სატრენაჟორო დარბაზიდან არ გამოდის. იმედია, რაფა და დავიდი კარგ ფინალს შემოგვთავაზებენ.