ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩარლსტონში სტარტი აიღო Family Circle Cup-ის ქალთა ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდი 795 707 დოლარია. შეჯიბრების უმთავრესმა ფავორიტმა სერენა უილიამსმა თავის პირველ მატჩში 21 წლის იტალიელ კამილა ჯორჯის 6:2, 6:3 მოუგო და მესამე წრეში გავიდა.
ეს ამ ჩოგბურთელთა პირველი დაპირისპირება გახლდათ. მატჩი საათსა და 22 წუთში დასრულდა, სერენამ 5 ბრეიკი და 9 ეისი განახორციელა. უილიამს-უმცროსის მომდევნო ოპონენტს გერმანელ საბინა ლისიცკისა და ამერიკელ მელორი ბერდეტის მატჩი გაარკვევს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რეიტინგსიის პირველმა ნომერმა სერენამ შემდეგი რეზიუმე გაუკეთა: “ცუდად ნამდვილად არ მითამაშია, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე. მხოლოდ 2 დღე ვივარჯიშე გრუნტისსაფარიან კორტზე, ამიტომაც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. კამილასთან აქამდე არასდროს მეთამაშა, მაგრამ მასთან ერთად ერთხელ წყვილში ვიასპარეზე, უიმბლდონზე მისი გამოსვლაც ნანახი მქონდა, ამიტომაც ვიცოდი, ჯორჯის როგორ უნდა დავპირისპირებოდი”.