კალათბურთი

1:43 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერბე(რ)თი და სხვა მრავალი

ქართველმა კალათბურთელებმა სახელოვან მეტოქეს 16-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოუგეს


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ალბათ ყველაზე სახელოვანი გამარჯვება იზეიმა. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა, რომლებიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ტრავმირებული კაპიტნის ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გარეშე ემზადებიან, არც ნატურალიზებული ამერიკელი რიკი ჰიკმანის არყოფნა შეიმჩნიეს და ევროპის ერთ-ერთ გრანდ სერბეთს 75:71 სძლიეს.

აღნიშნული შეხვედრა ანტიბის საერთაშორისო ტურნირის ეგიდით შედგა და მას ახლადაგებულ ”აძურ არენაზე” 1000 მაყურებელი დაესწრო. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში სერბებს მასპინძელი საფრანგეთის დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდათ. სტუმრები ბოლო წამებზე წინ იყვნენ, თუმცა, ტონი პარკერის მეთაურობით, მასპინძლებმა თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს და იქ საკუთარი შანსი ხელიდან აღარ გაუშვიათ...

ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც სერბები მატჩში აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და შეხვედრის პირველ ტაიმში სტატუსს აშკარად ამართლებდნენ. დუშან ივკოვიჩის შეგირდები 9:1 დაწინაურდნენ და მართალია, ქართველებმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხეს, უპირატესობა მაინც მეტოქის იყო.

მე-2 მეოთხედის მე-3 წუთზე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა მანუჩარ მარკოიშვილმა სამქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრები პირველად დააწინაურა (20:19), რასაც ჩვენი გუნდისთვის კოშმარული პერიოდი მოჰყვა. ქართველმა კალათბურთელებმა 4.5 წუთი ქულაც კი ვერ მიითვალეს, სერბებმა კი 17:0 გაქცევა მოაწყვეს და შეხვედრაში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიიქსირეს – 36:20.

დიდ შესვენებამდე ბევრი არაფერი შეცვლილა. სერბები თამაშს აკონტროლებდნენ და 2 მეოთხედის თავზე 15-ქულიანი უპირატესობა (42:27) დაიბევეს. თითქოსდა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა, მე-2 ნახევარში მოხდა ის, რისი პროგნოზირებაც ყველაზე ოპტიმისტ ქართველ გულშემატკივარსაც კი გაუჭირდებოდა.

პრინციპში, გადამაწყვეტი მე-3 ათწუთეული გამოდგა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 26:10 მოიგო და მოწინააღმდეგე შოკში ჩააგდო. ამ პერიოდში ჩინებულად გაისარჯა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 8 ქულა ჩააგდო, ლევან ფაცაციამ 2 სამქულიანი მიითვალა, გიორგი ცინცაძემ – 4 ქულა, ხოლო როდესაც მანუჩარ მარკოიშვილმა სამქულიანი “გაისროლა” და ზედ ბონუს-საჯარიმოც მიაყოლა, ცხადი გახდა, რომ მთავარი ბრძოლა წინ იყო.

ნიკოლოზ ცქიტიშვილის ორქულიანის წყალობით, ჩვენი გუნდი დასკვნით მეოთხედს ლიდერის რანგში (53:52) შეხვდა და აღებული ტემპი არც დარჩენილ დროში დაუგდია. უმნიშვნელოვანესი დაახლოებით ორწუთიანი პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც ცინცაძემ 3 სამქულიანი ჩააგდო, ბექა ბურჯანაძემ კი – 1 და ქართველი კალათბურთელები 10 ქულით (66:56) დაწინაურდნენ.

აღმაფრენით მოთამაშე ქართველები აღნიშნულ უპირატესობას საფინალო სირენამდე 01:23 წუთით ადრეც ინარჩუნებდნენ, როდესაც სანიკიძის ორქულიანის წყალობით ტაბლოზე ანგარიში – 72:62 დაფიქსირდა. დარჩენილ დროში სერბებმა მაქსიმუმი გაიღეს და თამაშის დასრულებამდე 15 წამით ადრე სხვაობიდან 2 ქულაღა დარჩა (72:70), თუმცა, სანიკიძემ და ცინცაძემ 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 75:71.

ამგვარი მოგება ხომ სასიხარულოა და არანაკლებ სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ქართველები მეტოქეს ყველა კომპონენტში თანაბრად დაუდგნენ. მოხსნებში სერბებს 35:31 ვაჯობეთ, ჩაჭრებში – 10:5, დაფარებებში – 2:1, დაკარგვა მოწინააღმდეგეზე ნაკლები გვქონდა – 12:15, პასებში თანაფარდობა გახლდათ – 13:13, ხოლო პერსონალური ფოლი გაცილებით ნაკლები აღმოგვაჩნდა – 18:25.

ერთადერთი, რაშიც ივკოვიჩის შეგირდებმა აშკარად გვაჯობეს, ზუსტად შერულებული ორქულიანები იყო. სერბებმა 42-დან 21 ორქულიანი გამოიყენეს, ქართველებმა კი – 30-დან – 11. სამაგიეროდ, შორეულ ტყორცნებში საქართველოს ნაკრები ჩინებულად გამოიყურებოდა – 29-დან 12 სამქულიანი 20-დან 6-ის წინააღმდეგ. ბარემ საჯარიმო სროლებზეც ვთქვათ – საქართველო: 25-დან – 17, სერბეთი – 15-დან – 11.

და ვინ იყო მოედანზე საუკეთესო? ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად სანიკიძე გაისარჯა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, ცინცაძის მონაგარი 17 ქულა იყო, მარკოიშვილმა 11 ქულა მიითვალა, შერმადინი კი მხოლოდ 7 ქულას დასჯერდა, თუმცა მისი 12 მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სერბთაგან 10-ქულიან ზღვარს ოთხმა კალათბურთელმა უწია, მაგრამ მათი გარჯა ამაო გამოდგა...

სამწუხაროა, რომ ქართველ ქომაგს გასული მატჩის ხილვის საშუალება არ მიეცა, რისი ნაწილობრივი კომპენსაცია დღევანდელი ტრანსლაცია უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით 22:30 საათზე საქართველოს ნაკრები ძალებს უკვე მასპინძელ საფრანგეთთან მოსინჯავს და ამ თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს ფრანგული Sport+ აწარმოებს. 

 

ანტიბის საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში

საქართველო – სერბეთი 75:71 (14:17, 13:25, 26:10, 22:19)

საქართველო: ცინცაძე (34 წ. 17 ქ. 3 მ. 5 პ. 4 ჩ.), შერმადინი (28 წ. 7 ქ. 12 მ.), მარკოიშვილი (32 წ. 11 ქ. 4 მ. 3 ჩ.), ფაცაცია (25 წ. 6 ქ. 3 პ.), სანიკიძე (28 წ. 19 ქ. 6 მ.); სანაძე (15 წ. 3 ქ. 3 მ.), ცქიტიშვილი (14 წ. 2 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (8 წ. 3 ქ.), ლეჟავა (10 წ. 4 ქ.), ფხაკაძე (4 წ. 3 ქ.).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

სერბეთი: ბოგდანოვიჩი (35 წ. 12 ქ. 6 მ.), ბიელიცა (24 წ. 8 ქ. 4 მ.), მარკოვიჩი (23 წ. 3 ქ. 7 მ. 4 პ.), ნენად კრსტიჩი (24 წ. 14 ქ.), კალინიჩი (16 წ. 2 ქ. 3 მ.); ნემანია კრსტიჩი (2 წ.), დანგუბიჩი (3 წ.), მიტროვიჩი (16 წ. 4 ქ. 4 მ.), ანჩუსიჩი (23 წ. 13 ქ.), შტიმაცი (16 წ. 10 ქ. 5 მ.), მიჩიჩი (18 წ. 5 ქ.).

მწვრთნელი: დუშან ივკოვიჩი.

0.112477