სხვა

20:28 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სეოკმა რაფაელ ჩიმიშკიანს 85 წლის იუბილე მიულოცა

დღეს, 21 მარტს, სეოკმა (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენს, ევროპის (6), მსოფლიოს (1) და ოლიმპიური თამაშების (1) ჩემპიონ რაფაელ ჩიმიშკიანს, დაბადებიდან 85 წლის იუბილე მიულოცა.

ზემოთ ნახსენები ტიტულების გარდა, ჩიმიშკიანი ათჯერ იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ერთხელ ევროპის, ხოლო ორჯერ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. არჩეულია თბილისის საპატიო მოქალაქედ. დაჯილოდოებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. იგი საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ძალოსნად არის დასახელებული. „რაფოს“ (ჩიმიშკიანის მეტსახელი) ჯილდოების ნუსხას დღეს კიდევ ერთი, სეოკის ოლიმპიური მედალი შეემატა. აღნიშნული ჯილდოს გარდა, სეოკმა ჩიმიშკიანი ფულადი პრიზით დააჯილდოვა. ჩიმიშკიანი 14 მსოფლიო და 13 ყოფილი საბჭოთა კავშირის რეკორდების მფლობელი.

მედეა ჯუღელთან (სპორტული ტანვარჯიში) და დავით ციმაკურიძესთან (თავისუფალი ჭიდაობა) ერთად, დედით ქართველი და მამით სომეხი „რაფო“ პირველი ქართველი სპორტსმენი იყო, რომელმაც ჰელსინკის (ფინეთი) 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სეოკში ბატონ „რაფოს“ გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. სიტყვით გამოვიდნენ: თამაზ თევზაძე (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მოადგილე), ელგუჯა ბერიშვილი (სეოკის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვის პირველი მოადგილე), ოლიმპიური ჩემპიონები: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), ვაჟა კაჭარავა (ფრენბურთი), ვახტანგ ლაღიძე (კლასიკური ჭიდაობა), შოთა ხაბარელი (ძიუდო), დავით ჭელიძე (ჟურნალისტი), იური ოსიპოვი (მოფარიკავე), რამაზ გურგენიძე (ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენელი) და სხვა.

ბოლოს, ჩიმიშკიანმა სამადლობელი სიტყვა წარმოსთქვა: „მადლობა სეოკის ხელმძღვანელობას ამ დიდებული შეხვედრისთვის. მადლობა ყველას, ვინც ჩემზე ისაუბრა და თბილი სიტყვები არ დაიშურა. თქვენი საუბრის დროს გისმენდით და თან ჩემს წარსულს ვიხსენებდი. ვამაყობ, რომ 62 წელია ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ჩემს კოლეგებს გისურვებთ, რომ ჩემპიონობა უფრო მეტი წელი გეტარებინოთ. მადლობა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ დავით ბეჟუაშვილს, რომელმაც საქართველოში ძალოსნობის განვითარებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. სანამ ბეჟუაშვილი მოვიდოდა, სავარჯიშო დარბაზში შეშის ღუმელი ენთო. მისი მოსვლის შემდეგ სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა. ძალოსნების შემდეგ, გამორჩეული ურთიერთობა მოჭიდავეებთან მაქვს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩემი დაფასებისთვის“.

ბატონ „რაფოს“ 85 წელი 23 მარტს უსრულდება. „მსოფლიო სპორტი“ წინასწარ ულოცავს იუბილარს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ყოველივე კარგს ცხოვრებაში.

0.139442