სხვა

22:06 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-მა სეზონი შეაჯამა

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. სწორედ ამ განცხადებით გახსნა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ყოველწლიური საანგარიშო ყრილობა, რომელიც სამშაბათს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა.

ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების გარდა ყრილობას სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და ვეტერანი ქართველი სპორტსმენები დაესწრნენ.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიოს პირველობის ფინალისტს, გუნდურ ჩათვლაში კი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ძიუდოისტს ფულადი ჯილდო გადაეცა.

სეოკ-მა კიდევ ერთ ნომინაციაში – “ოლიმპიური იმედი” გააკეთა არჩევანი. საუკეთესოებად ძიუდოისტი მარიამ ჯანაშვილი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დასახელდნენ.

ჯანაშვილი 2013 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს პირველობაზე ფინალში იჭიდავა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პეტრიაშვილი კი ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უფროსებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

სამივე სპორტსმენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტიპენდიაც დაენიშნა, ისევე, როგორც ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილს.

ოლიმპიურმა კომიტეტმა არც მხარდაჭერები დაივიწყა და ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა ფონდ "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და კომპანია "სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი. ამ უკანასკნელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული პიერ დე კუბერტენის სახელობის ჯილდოც გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, “თბილისი მარიოტის” დარბაზში შეკრებილთათვის იმ სპორტული ამუნიციის ჩვენება მოეწყო, რომლითაც საქართველოს დელეგაცია სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება. ქართულ ოლიმპიურ გუნდს ჰოლანდიური ბრენდი თიტტალონ-ი შემოსავს, რაც მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის პეტრე ცანავას დამსახურებაა. სეოკ-მა სპეციალური მედალი მასაც გადასცა, სოჭის ოლიმპიური თამაშების სააკრედიტაციო ბარათთან ერთად.

 

0.137769