წლევანდელი უიმბლდონი თავისი მდიდარი და ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური გამოდგა. როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის საწყის ეტაპებზე შეჯიბრებას როჯერ ფედერერი, რაფა ნადალი, სერენა უილიამსი, ვიკტორია აზარენკა, მარია შარაპოვა ჩამოშორდნენ. საბოლოოდ მამაკაცების ფინალში განთესვის ლიდერებმა მაინც გააღწიეს, აი, ქალების გადამწყვეტ მატჩში კი ფრანგი მარიონ ბარტოლისა და გერმანელი საბინ ლისიცკის მონაწილეობას ცოტა ვინმე თუ ელოდა.
ასე თუ ისე, დღეს ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს მოწინააღმდეგეები წარდგნენ. ლისიცკიმ ფინალისკენ მიმავალ გზაზე სერენა უილიამსსა და აგნეშკა რადვანსკას მოუგო, ამიტომაც იგი ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, ფინალსაც მოულოდნელობის გარეშე არ ჩაუვლია და 28 წლის მარიონ ბარტოლიმ 6:1, 6:4 მოგებით პირველი სადიდსლემო ტურნირი მოიგო.
“6 წლის ასაკიდან უიმბლდონის საჩემპიონო ტიტულზე ვოცნებობდი. 2007 წელს აქ ფინალი წავაგე და ამიტომ კარგად მესმის ლისიცკის მდგომარეობა. შაბინი ასე შემიძლია დავამშვიდო – დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ ითამაშებს უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩს. მე კი ჯერაც ვერ ვიჯერებ, ფინალი რომ მოვიგე. იმედია, ლონდონში მომავალ წელსაც წარმატებით გამოვალ”, - განაცხადა გადამწყვეტი ასპარეზობის დასრულების შემდეგ ბარტოლიმ, რომელიც უიმბლდონის ჩემპიონობასთან ერთად 1.6 მილიონ გირვანქასა და 2000 სარეიტინგო ქულას დაიმსახურებს.
ღია ერის პერიოდში მარიონ ბარტოლი მეექვსე ჩოგბურთელი ქალი გახდა, რომელმაც უიმბლდონის ერთეულთა შეჯიბრება სეტისწაუგებლად მოახერხა. აქამდე ეს მარტინა ნავრატილოვამ (ოთხჯერ), სერენა უილიამსმა (ორჯერ), ვინუს უილიამსმა, ლინდსი დევენპორტმა და კრის ევერტმა მოახერხეს.