მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. სენეგალის საკალათბურთო ნაკრებმა, ვის მოგებაზეც კოეფიციენტი 13-ს აღწევდა, პუერტო რიკო “გამოიჭირა” და 82:75 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ფავორიტად შერაცხული პუერტო-რიკოელები პირველივე მეოთხედში 15 ქულით დაწინაურდნენ და თითქოს, საქმე ბოლომდე აუღელვებლად უნდა მიეყვანათ, თუმცა, აფრიკელებმა სხვაობის ნელ-ნელა შემცირება იწყეს და საბოლოო, სენსაციაც გამოაცხვეს.
სენეგალის რიგებში ყველაზე ნაყოფიერი გორგი დონგი გახლდათ, რომელიც “მინესოტა ტიმბერვულვზში” კი ირიცხება, თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ნბა-ში ციდან ვარსკვლავებს წყვეტს. აფრიკელმა ცენტრმა 18 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა და პუერტო-რიკოელთა ლიდერებს – რენალდო ბალკმანს (21 ქულა) და ხოსე ბარეას (15) და კარლოს აროიოს (11) გარჯა გადაფარა.
ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებს ვერც იმან უშველა, რომ მათ სენეგალელებს 12 სამქულიანი ჩაუგდეს.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. B ჯგუფი. სევილია
სენეგალი – პუერტო რიკო 82:75 (20:29, 21:11, 22:18, 19:17)