ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქალთა შორის, 4 ტურის თავზე ერთპირვნული ლიდერი გამოიკვეთა. ფრანგმა მარი სებაგმა (2512) ზედიზედ მე-4 პარტია მოიგო და ექვსი მოჭადრაკისგან შემდგარ ჯგუფს, რომელთა შორისაც ნინო ხურციძეც (2447) იმყოფება, ნახევარი ქულით უსწრებს.
გასულ ტურში ხურციძემ შავი ფიგურებით სოფიკო გურამიშვილს (2395) სძლია, რის შემდეგაც, ამ უკანასკნელმა 2.5 ქულით 21-ე ადგილზე გადაინაცვლა. 3-3 ქულა აქვთ აქტივში ნინო ბაციაშვილს (2438), ბელა ხოტენაშვილს (2490), მერი არაბიძეს (2337), ლელა ჯავახიშვილსა (2448) და ნაზი პაიკიძეს (2406), რომლებიც მეთხუთმეტე-მეცხრამეტე პოზიციებზე იმყოფებიან.
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპირველობაზე მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 32. ნანა ძაგნიძე (2559) – 2.5; 34. სალომე მელია (2400) – 2.5; 40. სოფიო გვეტაძე (2334) – 2.5; 70. მირანდა მიქაძე (2329) – 2.0;
მე-5 ტურში სებაგი შავი ფიგურებით რუს ვალენტინა გუნინას (2511) ეთამაშება, ხურციძე რუმინელ კრისტინა-ადელა ფოისორს (2398) დაუპირისპირდება და ორ ქართულ ”დუელსაც” ვიხილავთ: პაიკიძე – ჯავახიშვილი, გვეტაძე-გურამიშვილი.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე, 2-13 მარტის ჩათვლით, მონაწილეები ერთმანეთს 11 ტურად შეეჯიბრებიან, 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი) დაეთმობა, ხოლო 17-18 მარტს უძლიერესები ბლიცში გამოვლინდებიან. ტურნირის საპრიზო ფონდი კლასიკურ ჭადრაკში 106 000 ევროა, ხოლო რაპიდსა და ბლიცში 10-10 ათასი.