მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინიშამდე გვარიანი დროა დარჩენილი, ბრაზილიის მუნდიალს უკვე ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები, გამორჩეულები და უფერულები, წარმატებულები და გლოვით სახეჩამოხოკილები. განსაკუთრებულად სასიხარულო კი ისაა, რომ ფეხბურთის ყველაზე კაპრიზული ქომაგებიც კი აღიარებენ ამ მუნდიალის გამორჩეულობასა და მიმზიდველობას, რაც ფეხბურთის მოყვარული კაცისათვის ყველაზე სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს.
მუნდიალს ჯერჯერობით ორი ყველაზე გამორჩეული გუნდი ჰყავს, რომლებმაც მტერიც და მოყვარეც აალაპარაკეს. კოსტა რიკამ და ჩილემ გარდა იმისა, რომ თავიდან ჯგუფის ფავორიტებად შერაცხული გუნდები დაიფრინეს, მათ ასევე მოახერხეს და მთელს მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინეს. განა უბრალო ამბავია, როდესაც კოსტა რიკასთანა მიყუჟული ქვეყნის ნაკრები მთელს მსოფლიოში ითქვამს სახელს თავისი შემართებითა და ბრძოლისმოყვარეობით?!...
მუნდიალის დაუნდობლები გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები არიან. კონტინენტური ევროპის ამ ორი ყველაზე წარმატებული ქვეყნის ნაკრებებმა არად ჩააგდეს ბრაზილიის უცნაურობანი და სხვა კონტინენტზე თამაშის კომპლექსი და ჭეშმარიტი გოლეადორული ფიერვერკები მოაწყეს. თუკი გერმანიისგან მეტ-ნაკლებად ველოდით ამ ყველაფერს, გალებისაგან მსგავი შემართება და დაუნდობლობა ნაკლებად წარმოგვედგინა. მით უმეტეს, როცა შესარჩევ ეტაპზე ფრანგთა გუნდს განსაკუთრებული მართლაც არაფერი გაუკეთებია.
სხვა ვინ უნდა დავასახელოთ ჩემპიონატის ყველაზე ბეჩავ გუნდად თუ არა ინგლისის ეროვნული გუნდი?! რა თქმა უნდა, მუნდიალზე სხვა გუნდებიც ბევრია, რომლებმაც ინგლისზე ცუდად ითამაშეს და გოლებიც მასზე მეტი გაუშვეს, მაგრამ ინგლისელები თუნდაც იმიტომ იმსახურებენ ჩემპიონატის ყველაზე ბეჩავის წოდებას, რომ მათ კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი და კიდევ ერთხელ გაუხეთქეს გული ურიცხვ ქომაგებს, რომლებიც ჩვენს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან საქართველოშიც ბლომად მოსახლეობენ.
ჩემპიონატის ცანცარების წოდებას ნამდვილად არავის დაუთმობენ იტალიელი ფეხბურთელები. განა ცანცარობა და თავქარიანობა არ იყო ის რაც მათ კოსტა რიკასთან ქნეს? განა ცანცარა და თავქარიანი არ იყო პრანდელის გუნდი მაშინ, როდესაც არასასურველი ანაგრიშის მიუხედავად, იტალიელი ფეხბურთელები ყოვლად უცნაურად დაიხლართებოდნენ მოედნის ცენტრში და ერთმანეთს გაოცებული სახეებით მისჩერებოდნენ...
ბევრი ვიფიქრე თუ რა ეპითეტით შეიძლება შეგვემკო ჰოლანდიის ნაკრები, რომელმაც პირველი მატჩი ესპანეთთან დიდებულად ჩაატარა, მეორე შეხვედრაში კი კინაღამ უსახელო ავსტრალიამ იმსხვერპლა. ვიფიქრე მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ამიტომ, ალბათ ყველაზე სწორი იქნება ჰოლანდიის ნაკრებს უბრალოდ ჰოლანდიის ნაკრებს თუ ვუწოდებთ, რადგან არასტაბილურობა და უცნაურობა ამ ნაკრების ისტორიულად თანმდევ მოვლენად იქცა.
მუნდიალის დასრულებამდე ალბათ კიდევ ბევრი გმირი და ანტიგმირი გამოიკვეთება და შესაძლებელია ეს სახალისო ნომინაციები ბევრჯერ შეიცვალოს. მთავარია ჩვენ გვჯერა, რომ მომდევნო ყველა შეხვედრა წინა მატჩებზე უკეთესი და თვალსასეირო იქნება. კარგ ფეხბურთს კი მეგობრული განსჯა და სალაღობო ლაყაფი ნამეტანი უხდება...
ჰო, ესპანეთზეც მინდოდა რამე დამეწერა მაგრამ... მოდით სხვა დროს იყოს...