1936 წელს უნგრული წარმოშობის ფრანგი ჟიულ (დიულა) ლიმბეკი სსრკ-ის სპორტისა და ფიზკულტურის კომიტეტის ბრძანებით საქართველოში აფრინეს და თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად დანიშნეს. დიდხანს არ უმუშავია, 1937-ის მარტში ანუ ძალიან მალე მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადაიყვანეს და იმავე წელს დახვრიტეს...
ოფიციალურად, იგი იყო პირველი უცხოელი საფეხბურთო მწვრთნელი საქართველოში და გარდა იმისა, რომ „დინამო“ თასის ფინალამდე მიიყვანა, ბავშვთა საფეხბურთო სკოლის გახსნაც მოასწრო.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ანდრო ჟორდანიასა და ნოდარ ახალკაცის სახელები ქართულ კლუბებსა და საზღვრებს გასცდა, ჩვენი ფეხბურთი ჟამიდან ჟამამდე მაინც „ეძახის“ ხოლმე უცხოელებს - რაკიღა უცხოურისა და საუცხოოს ცნებები ჯერაც ერევათ ხოლმე ჩვენში.
იაკუშინი, კაჩალინი, სოლოვიოვი, ზონინი, ფომენკო, ბოსკამპი, შუშაკი, კარნევალი, ტოპმიოლერი, შტელინი, ჟირესი, კუპერი, კამპუში, ლანდი, მინგე, უჰრინი, ჩერნიშოვი, გარსია - არასრული ჩამონათვალია იმ უცხოელი მწვრთნელებისა, რომელთაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა დონის ქართულ კლუბებში იმუშავეს და მათგან რამდენიმე ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა.
როგორც ფეხბურთში ხშირად ხდება ხოლმე, ამ ადამიანების მიმართ არც საერთო ქართული შეხედულება გახლდათ და გახლავთ ერთნაირი და ბუნებრივია, შედეგი, მიდგომა და დამსახურებაც სხვადასხვაგვარი ჰქონდათ. დროშიც განსხვავებულად, ზოგმა მცირე ხნით, ზოგმაც დიდხანხ იმუშავა, მაგრამ...
საბოლოო ჯამში, მიუხედავად ზოგიერთი უცხოელის მიმართ ნამდვილად განსაკუთრებული პატივისცემისა, მათმა გარჯამ ერთი უდავო ჭეშმარიტება დაგვანახა - ქართულ ფეხბურთს უკვე ვეღარ იხსნის მხოლოდ უცხოელი მწვრთნელის კვალიფიკაცია!
საამისოდ ძალიან ბევრი რამ დაინგრა ჩვენში და დაკარგული პოზიციის დაბრუნებას კი, თუნდაც მსოფლიო დონეზე სახელგანთქმული პიროვნებები ვეღარ უშველიან.
უბრალოდ, რაკიღა ქართული ფეხბურთის კრიზისი წლების განმავლობაში გაიწელა, აუცილებელი და საჭირო იყო, ამ მხრივაც გვეცადა ბედი - საქართველოს კლუბებსა და ნაკრებში აუცილებლად უნდა ემუშავათ უცხოელ სპეციალისტებსაც, რათა საბოლოოდ გასცემოდა პასუხი კითხვას, მხოლოდ ქართველი მწვრთნელების კვალიფიკაციაშია პრობლემა?
ეს ერთგვარი სახადივით იყო და აუცილებლად უნდა მოგვეხადა. დაახლოებით ისე, როგორც არგენტინულ ფეხბურთს დიეგო მარადონას სამწვრთნელო ამბიცია - ეს კაცი ნამდვილად იმსახურებდა საკუთარი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთხელ მაინც ჯდომას და მერე რა, რომ მისი ამბიცია ერთ ჩაფლავებულ ჩემპიონატად დაუჯდა არგენტინას.
დიეგოა და ერგებოდა!
ისევე, როგორც ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას „ერგებოდა“ საზღვარგარეთელი მწვრთნელების გამოცდილება - მას უნდა მოეკლა ჭია უცხოური არჩევანისა და თავადვე მოეძებნა პასუხი კითხვაზე: ჩვენებმა შედეგი ვერ გვანახეს, იქნებ, უცხოელებმა გვარგონ?!
ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივია. „ჭიაც მოკვდა“, ურემიც გადაბრუნდა, გზაც გამოჩნდა - ერთი, ორი და სამი მერცხალით გაზაფხული არ მოვა, ფეხბურთს მარტო პიროვნებები ვერა, კანონები, შეღავათები, ინფრასტრუქტურა და პატიოსნება სჭირია.
ბუნებრივია, ცოტა არ იყოს, სოციალისტური მიდგომაც, ერთგვარი სასათბურე პირობები ბიუჯეტის მხრიდან - ჩვენში ფეხბურთი მინიმუმ, 5-7 წელიწადი კიდევ წამგებიანი ბიზნესი იქნება და თუკი ბიუჯეტმა არ გამოკვება, თუკი სწორედ მისი საშუალებით არ დაფინანსდა პრიორიტული მიმართულებები, მარტო ფიფა-უეფას პროგრამებითა და მოხალისე თუ ძალადატანებული ბიზნესმენების მცდელობით არაფერი გამოვა.
პრიორიტეტი კი ინფრასტრუქტურა, სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრები, სპეციალისტების განათლება და ამასთან დაკავშირებული პროგრამები უნდა გახდეს და არა ერთ ან ორწლიანი კლუბების შენახვა. ცნება „ბიუჯეტის კლუბი“ საერთოდ უნდა გაქრეს აზროვნებიდან და ფეხბურთელების ხელფასები ხალხისგან აკრეფილი გადასახადებით არასდიდებით არ უნდა დაფინანსდეს.
რადგან: კარგ მწვრთნელსა და ფეხბურთელს ათიდან ცხრა შემთხვევაში აუცილებლად გამოუჩნდება გადამხდელიც და დამფასებელიც, აი, სტადიონს, ბაზას და სარეაბილიტაციო ცენტრს კი ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეულები ანაც სახელმწიფო თუ ააშენებენ.
ტყუილად არ მიხსენებია სოციალისტური მიდგომა - ევროპაში საკმარისადაა მსგავსი მაგალითები, როცა სტადიონი, ბაზა ან რომელიმე სამედიცინო ცენტრი მუნიციპალურ საკუთრებაშია ხოლმე.
და ეს სწორად გადაწყვეტილი პრობლემაა: მთავარია იყოს, რადგან ფეხბურთი როგორმე იარსებებს პოლიტიკური მოწყობისა და იდეების მიღება-მიუღებლობის გარეშე, მაგრამ ფეხბურთი არ იქნება, თუკი არ იქნა საფეხბურთო მეურნეობა - ინფრასტრუქტურა და სისტემა.
სასიამოვნოა, როცა კითხულობ „დინამოს“ ექსმწვრთნელის, გარსიას წერილს და ბუნებრივია, ეს ერთგვარი კომპენსაციაც კია თავის დროზე ბოსკამპის მიერ ჩვენი ფეხბურთისადმი ნასროლი ფრაზისა - მაფიოზების ბუდეაო, მაგრამ ასეთი წერილები მხოლოდ გულს ფხანენ ხოლმე და საქმეს არ შველიან. ფეხბურთს მადლიერებისა და კარგი დამოკიდებულებების გარდა შედეგი ჭირდება. ძალიან კარგია, რომ იზრდება საკლუბო ბიუჯეტები, მეტია იმ კლუბების რაოდენობაც, რომელთაც პატრონ- მყვარებელი გამოუჩნდათ და ფეხბურთელების ხელფასებიც ძველებურად სასაცილო აღარ არის, მაგრამ ცარიელი ტრიბუნები, ჩვენი კლუბების პოზიციები ევროპულ არენაზე და სანაკრებო დონე - მთავარი პრობლემა და თავისტკივილი ჩვენში დღემდე მოუგვარებელი და გადაუწყვეტელია.
თავის დროზე აფიშირებულმა და რეკლამირებულმა კლუბთა ლიცენზირების პროგრამამ გარკვეული შედეგი გამოიღო - შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ გაჩნდა მეტი სოლიდურობა და სახსარი, მაგრამ ამას ფულის მხარჯველი ხალხის გარდა ნურავინ დაიბრალებს. ყველაფერი როგორღაც თავისთავად ხდება - საფეხბურთო ბიუროკრატია კი ამბობს, რომ ჯერ ვალებს ისტუმრებს და სპონსორებს ეძებს, მაგრამ შორს არ არის ის დრო, როცა ქართული ფეხბურთის სახლს ვალი აღარ ექნება და საშუალო დონეზე უზრუნველყოფილი კლუბებიც მეტი გვეყოლება, მაგრამ შედეგი ძველებურად არ იქნება.
სისტემაა აუწყობელი და იმიტომ - საკლუბო სტრუქტურას საძირკველი, საფეხბურთო სკოლები აკლია, სათანადო დონის აღდგენითი და ზოგადად სამედიცინო ცენტრები არა გვაქვს, ქვეყანაში საფეხბურთო გეოგრაფია მწირია და მასობრიობას მსუქანი კითხვის ნიშანი აზის.
ეს კი იმის წინაპირობაა, რომ მინიმუმ ერთი საფეხბურთო თაობა, 5-7 წელი ჩვენ ტლაპოზე ვარდი არ ამოვა - ნუ დავარქმევთ ამას პესიმიზმს, ეს მოსალოდნელი სინამდვილეა...
კონსტანტინე გოგიშვილი