ძიუდო

17:51 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო შედეგი – მეშვიდე ადგილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამსუნის გრან პრის პირველი დღე უმედლოდ ჩაამთავრა. თურქულ ტატამზე ჩემპიონ-პრიზიორები კაცებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ. ქალებში – 48, 52 და 57 კილოგრამებში. ქართულ დელეგაციას დღეს წარმომადგენლები მხოლოდ კაცებში ჰყავდა – საქმეში თბილისის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე 60 კგ), თორნიკე თათარაშვილი და მინდია ლილუაშვილი (66 კგ) ჩაერთნენ.

ყველაზე შედეგიანად თათარაშვილმა იჭიდავა – მეორე წრით დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელი ტარლან კარიმოვი მსაჯს ორ წუთში ოთხჯერ გააფრთხილებინა და მოახსნევინა. ბელარუს დიმიტრი შერშანთან მესამე წუთზე შესრულებული სუფთა გდება ვაზარად შეუფასეს, მაგრამ რამდენიმე წამში მეორე ვაზარი აიღო და კვლავ ვადაზე ადრე მოიგო.

მეოთხედფინალში ფრანგ დავიდ ლაროშთან ბოლო წუთამდე შიდოებით იგებდა, მაგრამ საფინალო გონგამდე 50 წამით ადრე ბეჭებზე დავარდა და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს ნახევარფინალში ბრიტანელ კოლინ ოუტსთან შებოჭვაზე მოჰყვა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

ამავე წონაში, მინდია ლილუაშვილმა ორი შეხვედრა ჩაატარა. გერმანელ სებასტიან სეიდლს პირველსავე შეტევაზე ვაზარი აუღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მერვედფინალში კი ფრანგ ლუის კორვალთან მესამე წუთის მიწურულს ბეჭებზე დავარდა, არადა ამ გდებამდე ვაზარით იგებდა.

უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე ქართველები საქმეში მეორე წრიდან ჩაერთნენ და ტურნირს ორივე მერვედფინალიდან გამოეთიშა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა შვეიცარიელ მიხაელ იტენს უილეთო შეხვედრაში გაფრთხილებებით 3:2 მოუგო. აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევთან ჭიდაობაც ძალიან აქტიურად დაიწყო – მსაჯს მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა, მაგრამ მეორე წუთის ბოლოს ვაზარზე დაეცა და შეხვედრა სათავისოდ ვეღარ შეატრიალა.

ლაშა გიუნაშვილმა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი რუსეთის ნაკრების სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძესთან წაგებით დაკარგა. საქართველოს ნაკრების წევრი ბრძოლის დასაწყისშივე ვაზარით ჩამორჩა და აქტიურობის მიუხედავად, მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა. მშვიდობაძესთან დაჭიდებამდე გიუნაშვილმა ლატვიელი ანდრეას მაჯერსის იპონით ძლევა მოასწრო.

ხვალ მედლების მორიგი ოთხი კომპლექტი გათამაშდება – კაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ზებედა რეხვიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ) და შორენა შარაძე (63 კგ).

რეხვიაშვილი პირველ ნომრადაა განთესილი და ტურნირს მერვედფინალით გახსნის. იქამდე კი მასთან დაჭიდების უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს გერმანელი კრისტოფერ ფოლკი და თურქი დილგამ ალიევი დაუპირისპირდებიან.

შავდათუაშვილს პირველ წრეში მეტოქედ თურქი ჰასან ვანლიოღლუ ერგო. თუ დაამარცხებს, მერვედფინალში რუს დენის იარცევსა და პორტუგალიელ ნუნო სარაივას შორის მოგებულს შეხვდება. მარგიანს წილისყრაში ყველაზე მეტად არ გაუმართლა - პირველ მეტოქედ თბილისის გრან პრის ფინალისტი, ამერიკელი ტრევის სტივენსი ერგო. გამარჯვების შემთხვევაში კი ლატვიელ ევროპის პრიზიორ კონსტანტინს ოვჩინიკოვსს შეხვდება. შარაძე ტურნირს პოლონელ აგატა ოზდობასთან შეხვედრით გახსნის.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.

0.12152