ღამით ნეიმარს ცუდად ეძინა. ძილში გამუდმებით ბორგავდა და ათასგვარი მონსტრები ელანდებოდა. მონსტრებს ხან ლურჯი, ხანაც თეთრ-ცისფერზოლიანი მაისურები ეცვათ და ბუხუნა ხმით დასძახოდნენ: “შენ მოხვალ ჩვენთან! შენ დაისჯები პატარა ბიჭო!” როდესაც გამოეღვიძა, ჯერ ისევ ბნელოდა, მაგრამ ქუჩიდან შემომავალი გულშემატკივრების ყაყანი მაინც ისმოდა.
”ღამეც არ ძინავთ ამ ხალხს. ჩემპიონები რომ ვერ გავხდეთ ალბათ დაგვხოცავენ” – გაიფიქრა ნეიმარმა და ის იყო მხარი უნდა ეცვალა, რომ ოთახის კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა შემოესმა. “აველანტე” - გასძახა და ნიფხვისამარა წამოჯდა საწოლზე. ბნელოდა, ქუჩიდან შემოსული მკრთალი სინათლე ირიბად იჭრებოდა ფანჯრიდან, მაგრამ ამ სიმუქეში ნეიმარმა დავიდ ლუისის გაჩეჩილი თავი უპრობლემოდ იცნო და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. როგორც აღმოჩნდა, ლუისს ძილი გასტეხოდა და რაკი ნეიმარის კოშმარული ხილვების ამბები იცოდა, იფიქრა, ეღვიძება, ცოტას დაველაპარაკები და ამასობაში გათენდებაო.
დავიდ ლუისი ნეიმარის საწოლთან ჩამოჯდა, ტანი სკამზე უკან გადაზნიქა და ასე უცნაურად ჩამომჯდარმა ჰკითხა: ”როგორ გგონია, გავხდებით ჩემპიონები?”. ამ დროს ნეიმარი ყოველგვარ თემაზე საუბარს ელოდა გარდა ჩემპიონობაზე საუბრისა, რადგან საწვრთნელ ბაზაზე, შეკრებებსა და სადილობის დროსაც კი, “სელესაოს” ბიჭების გასარჩევი უმთავრესი თემა რა თქმა უნდა ჩემპიონობა და გამარჯვების შანსების შეფასება იყო.
- ჩემპიონები უნდა გავხდეთ, თორემ გარეთ რომ დგას იმ ხალხს შენ გააჩერებ მერე? – ამოღერღა ნეიმარმა.
- და თუ ვერ გავხდით, რას იზამენ? ხომ არ დაგვხოცავენ? ძველი დრო ხომ არ არის, ჩვენც ესკობარივით რომ...
- ბიჭო, ხომ იცი ესენი რა გიჟები არიან. არაფერია გამორიცხული. ამიტომაც გვეუბნება დიდი ფილი, რომ ჩემპიონობის იქით გზა აღარ გვრჩება. ჩემპიონობა ან სიკვდილი!
- შენ რა გიჟი ინჩასივით ლაპარაკობ. რა სიკვდილი, რის სიკვდილი... 1950 წელსაც რომ წააგეს ჩვენებმა. ისინი რა, დახოცეს?
- მამაჩემს აქვს მოყოლილი, რომ იმ გუნდის ფეხბურთელთა უმეტესობა ისე დაბერდნენ და დაიხოცნენ, რომ მეზობლები თურმე ხმას არ სცემდნენ. ჩვენც ასე მოგვივა თუ ვერ ვიჩემპიონეთ. თუმცა შენ შეგიძლია ევროპაში დარჩე და იქ იცხოვრო სამუდამოდ. მე ამას ალბათ ვერ ვიზამ.
- ანუ შენც ფიქრობ, რომ შეიძლება ვერ გავხდეთ ჩემპიონები?
- არა, მაგაზე ფიქრიც კი დანაშაულია! დამარცხება მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ყველა ნათესავი მაქცევს ზურგს, რასაც ჩემი ოჯახი ნამდვილად ვერ გადაიტანს და შეიძლება დიდი უბედურება დატრიალდეს.
- რაღა ბრაზილიაში გადაწყვიტეს ჩემპიონატის ჩატარება. გამართულიყო სადმე ევროპაში. ვითამაშებდით თავისუფლად. თუ გავხდებოდით ჩემპიონები ხომ კარგი, თუ არადა, უბედურების შიში მაინც არ გვექნებოდა...
- ეგ სიტყვები ჟურნალისტთან სადმე არ წამოგცდეს, თორემ ჩათვალე, რომ წასულია შენი საქმე. ცოცხალს არ დაგტოვებენ ეს ნაგიჟრები.
- ისე რა მაგარი იქნება ჩემპიონები რომ გავხდეთ... მაგრამ ბედი არ გინდა, ჩემპიონობა კი არა სულ ეს საშინელი კოშმარები მესიზმრება. ისეთი კოშმარებია, თქმაც კი არ მინდა...
- მეც სულ ჩემპიონობაზე ვოცნებობ. ბიჭებიც ჩვენს დღეში არიან.
- აბა რა იქნება. სხვა რაზე უნდა იფიქრონ...
მზე უკვე ამოსულიყო და საწოლზე ჩამომჯდარი ნეიმარი ნათლად ხედავდა მეგობრის სახეს, რომელზეც დარდი, შიში და იმედი ერთად აღბეჭდილიყო. “ნეტა მეც ასეთი სახე მაქვს?” – გაიფიქრა ნეიმარმა და მაისურის ჩაცმა დაიწყო.