ჭიდაობა

21:44 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სასიხარულო ჯერაც არაფერია

 

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონ-პრიზიორები უკვე შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრები კი საპრიზო სამეულამდე მისვლას ჯერ ვერაფრით ახერხებენ.

დღეს ბუდაპეშტურ ხალიჩაზე ქართული შვიდეულის ლიდერი, ევროპის 2011 წლის ჩემპიონი და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი რევაზ ლაშხი გავიდა. ცხადია, გულშემატკივართა მთავარი იმედიც სწორედ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაზე მყარდებოდა, მაგრამ... ლაშხი ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშა, იაპონელ კაზუმა კურამოტოსთან ვერას გახდა (0:5). მალევე ბრინჯაოს შანსიც გაქრა, მას შემდეგ, რაც იაპონელმა ფინალამდე წაიფორხილა.

96 კილოგრამში მოჭიდავე ვასილ იმერლიშვილმა ლაშხზე ერთით მეტი ბრძოლის ჩატარება მოახერხა – ჩემპიონატი ჰოლანდიის ნაკრების წევრ მეჰდი აბასი დაზმირის ძლევით (5:0) გახსნა, მაგრამ ფინელ ტიმო ანტერო კალიოსთან ვეღარას გახდა (1:2). ფინალს ვერც ფინელმა უწია.

დღესვე საქმეში გიორგი ცირეკიძეც (84 კგ) ჩაერთო. მართალია კვარცხლბეკამდე ვერც ის მივიდა, მაგრამ თანაგუნდელებზე ყოჩაღად კი ნამდვილად იჭიდავა – ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ ვასილ რაჩიბას აჯობა (1:1), უზბეკ რუსტამ ასაკალოვსაც გასცდა (3:2), მაგრამ მეოთხედფინალი ვეღარ დაძლია. აზერბაიჯანის ნაკრების წევრ სამან აჰმან ტაჰმასებმა ცირეკიძესაც მოუგო (7:0), ნახევარფინალშიც იმარჯვა და ქართველ მოჭიდავეს დამამშვიდებელ ეტაპზე ჭიდაობის საშუალება მისცა. ბრინჯაომდე ცირეკიძეს ორი ნაბიჯი რჩებოდა, მაგრამ პირველ მეტოქესთან – უნგრელ ვიქტორ ლორინცთან წარმატებისთვის ძალა აღარ ეყო (0:7) და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს – 22 სექტემბერს მედლების ბოლო სამი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით კი იჭიდავებენ: საჩინო დავითაია (66 კგ), ილია გულბათაშვილი (74 კგ) და ლევან არაბული (120 კგ).

0.125957