ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა “სარაგოსამ” ორიოდ დღის წინ გიორგი შერმადინი წარადგინა, უახლოეს დღეებში კი, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელის ტრანსფერი დაადასტუროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი არაგონული კლუბის წინადადებას ვიქტორ სანიკიძე დასთანხმდება.
Elperiodicodearagon-ის ცნობით, სარაგოსელებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს შეთავაზებით უკვე მიმართეს და ახლა, მის პასუხს ელიან. კლუბის სპორტული დირექტორის ვილი ვილარის განცხადებით, “სარაგოსა” ბრიტანელი დენიელ კლარკის შემცვლელს ეძებს და საუკეთესო ვარიანტად სწორედ სანიკიძე ესახება, მისი უარის შემთხვევაში კი, სხვა მოთამაშეებზე გადაერთვება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვიქტორი სიენას “მონტეპასკის” რიგებში ირიცხებოდა, თუმცა, სასტარტო ხუთეულში იშვიათად ხვდებოდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ (ვიქტორს ტოსკანურ კლუბთან კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა), ამდენად, სანიკიძეს სარაგოსელებთან მოლაპარაკების წარმოებისთვის ხელ-ფეხი გახსნილი აქვს.
როგორც ირკვევა, გასულ ევროპის ჩემპიონატზე შერმადინის გარდა, “სარაგოსა” “ვიკასაც” აკვირდებოდა და მისი გარჯით უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო. ევრობასკეტზე ჩატარებულ 5 მატჩში სანიკიძის საშუალო მონაგარი 14.6 ქულა, 7.0 მოხსნა და 1.0 პასი გახლდათ.
თუკი ქართველი ფორვარდი ესპანელებს მოელაპარაკა, “სარაგოსა” მის კარიერაში მე-6 ევროპული კლუბი იქნება “დიჟონის” (საფრანგეთი), “ესტუდიანტესის” (ესპანეთი), “როკის” (ესტონეთი), “ვირტუსის” (იტალია) და “მონტეპასკის” (იტალია) შემდეგ.