საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა, 11 ოქტომბერს, გორში სერბებთან ჩატარებული მეორე ამხანაგური მატჩიც ფრედ დაასრულა – 4:4.
აღსანიშნავია, რომ თამაშის მსვლელობისას, ქართველები 3:1 იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ის კი არა, სერბები თამაშის მიწურულს 4:3 დაწინაურდნენ, თუმცა, მაისურაძის შეგირდებმა ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე პენალტიდან გაათანაბრეს.
საქართველოსა და სერბეთის ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები ასე გამოიყურებოდა:
საქართველო: შერმადინი, კაკაბაძე, გურეშიძე, კუსიანი, ტაბიძე, ჭეჭელაშვილი, ცინცაძე, შენგელია, ბერიძე, ზარანდია, კერძევაძე.
სერბეთი: რაიკოვიჩი, ვიკო, მილოშევიჩი, ბაბიჩი, რიშტიჩი, ცვეტკოვიჩი, პანტიჩი, მაქსიმოვიჩი, მანდიჩი, ზჟელარი, ჟუკანოვიჩი.
მატჩის მე-20 წუთზე, მათე ცინცაძის გადაცემით ანგარიში ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა გახსნა. 31-ე წუთზე, საპასუხო ბურთი ჟუკანოვიჩმა გაიტანა.
38-ე წუთზე, თავი ილია კერძევაძემ გამოიჩინა, რომელმაც ჭეჭელაშვილის პასი გამოიყენა. 43-ე წუთზე, მილოშევიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ქართველებმა ტაიმი 3:1 მოიგეს.
67-ე წუთზე, მილინკოვიჩმა ასისტენტობა სავიჩს გაუწია, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 2:3. 75-ე წუთზე, სერბებმა ანგარიში გაათანაბრეს და გოლის ავტორი გაჩინოვიჩი აღმოჩნდა – 3:3.
მე-80 წუთზე, იმავე გაჩინოვიჩმა სერბები წინ გაიყვანა – 4:3. ქართველები წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩნენ, როდესაც ნიკა ახვლედიანმა მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გამოიყენა – 4:4.
აქვე გეტყვით, რომ მატჩს გაწევ-გამოწევის გარეშე არ ჩაუვლია. მაისურაძის შეგირდები სერბების უხეშობამ აღაშფოთა, ხოლო ბალკანელები მსაჯობით დარჩნენ უკმაყოფილონი.
შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს, საქართველოსა და სერბ 19-წლამდელებს შორის გორში გამართული პირველი საპრინგი 1:1 დასრულდა.