კალათბურთი

23:14 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მე-2 კალათაშია

ფიბა-ევროპამ ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევისთვის გუნდები განთესა


3 თებერვალს, ბარსელონაში, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება. სწორედ ამ დღეს შევიტყობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებთანაც მოგვიწევს კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მესამედ გასასვლელად ბრძოლა.

დღეს, ფიბა-ევროპამ კენჭისყრაში მონაწილე 29 გუნდი რეიტინგის მიხედვით განთესა. ეს განთესვა პირობითია და მასში 1 თებერვალს მცირე ცვლილებები შევა. სწორედ ამ დღეს ფიბა გამოაცხადებს იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ე.წ. “უაილდ ქარდებს” მიიღებენ. სულ 4 “ველური ბარათია”, რომელსაც ევროპიდან 1 ან 2 (უკიდურეს შემთხვევაში 3) გუნდი მიიღებს. 

ის ნაკრებები, რომელთაც აღნიშნული საგზურები ერგებათ, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე პირდაპირ დაიშვებიან და ცხადია, შესარჩევ ტურნირშიც მონაწილეობას არ მიიღებენ. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი რეიტინგი სახეს იცვლის – მუნდიალის “უაილდ ქარდის” მიმღები გუნდი ფიბა-ევროპას რეიტინგიდან ამოვარდება და მის დაბლა მყოფი გუნდები 1 საფეხურით აინაცვლებენ. 

საქართველო არსებულ 29-გუნდიან რეიტინგში მე-14-ეა. ფიბა-ევროპის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ შეიქმნება 7 ჯგუფი, თითოეულში 4-4 ნაკრები (ერთში ხუთი) იქნება, რომლებიც მიმდინარე წლის 10-დან 27 აგვისტომდე 6 მატჩს მიმოსვლით ჩაატარებენ. 

რეიტინგიდან გამომდინარე, უკვე ცნობილია, რომ განთესილ გუნდებს შორის საქართველო მეორე კალათაში იქნება. ანუ ჩვენს ჯგუფში აუცილებლად მოხვდება ქვემოთ მოყვანილი რეიტინგის მოწინავე 7-ეულიდან ერთ-ერთი, თუმცა, რომელიმე მათგანი სავარაუდოდ მუნდიალის “უაილდ ქარდს” მიიღებს და მის დაბლა მყოფი გუნდები 1 საფეხურით აინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ევრო 2015-ზე 16 ვაკანტური საგზურია. დანარჩენი 8 ადგილი კი უკვე დაბევებული აქვთ მასპინძელ უკრაინას, გასული ევრობასკეტის მოწინავეებს – საფრანგეთს, ლიტვას, ესპანეთს, ხორვატიას, სლოვენიას და სერბეთს და ასევე პირველი შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულ ესტონეთს.

 

ფიბა-ევროპას მიმდინარე რეიტინგი

1. იტალია

2. ფინეთი

3. ლატვია

4. საბერძნეთი

5. ბელგია

6. ბოსნია-ჰერცეგოვინა

7. გერმანია

8. მონტენეგრო

9. ჩეხეთი

10. დიდი ბრიტანეთი

11. მაკედონია

12. ისრაელი

13. რუსეთი

14. საქართველო

15. თურქეთი

16. შვედეთი

17. პოლონეთი

18. ბულგარეთი

19. ბელარუსი

20. შვეიცარია

21. ავსტრია

22. ისლანდია

23. პორტუგალია

24. სლოვაკეთი

25. დანია

26. უნგრეთი

27. რუმინეთი

28. ჰოლანდია

29. ლუქსემბურგი

 

შენიშვნა: გამუქებული შრიფტით წარმოდგენილია გუნდები, რომლებიც “ველურ ბარათს” ელოდებიან

www.gbf.ge

0.124424