კალათბურთი

23:57 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ბოსნიასთან რევანში აიღო

მარკოიშვილის ტრავმის კვალად, ჰიკმანიც დაშავდა...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ იესენიცეში გამართულ ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა. გუშინ, ქალაქ ცელიეში წაგების (63:68) შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა რევანში აიღეს და ექსიუგოსლავიელები დაძაბულ ბრძოლაში – 81:78 დაამარცხეს.

ტრავმებით ისედაც დასუსტებულ საქართველოს ნაკრებს მანუჩარ მარკოიშვილი აკლდა, ხოლო მეორე მეოთხედის შუაწელში ნატურალიზებული რიკი ჰიკმანიც გამოაკლდა. ამერიკელმა უკანახაზელმა ფეხი ამოიბრუნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ჰიკმანმა 13 წუთი ითამაშა და მოედანი რომ დატოვა, 10 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

ჰიკმანის არყოფნაში, მეორე მეოთხედში სათადარიგო უკანახაზელებმა იყოჩაღეს. ოთარ ფხაკაძემ, ბესო ლეჟავამ და დუდა სანაძემ ჩვენს ნაკრებს ძალიან საჭირო ქულები შემატეს და საბოლოო წარმატებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დაიდეს.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ქართველები ქულით აგებდნენ, როცა ვიქტორ სანიკიძემ აცილებულს დაამატა და საქართველო 1 ქულით დააწინაურა. შემდეგ ბესო ლეჟავას მოუწია საჯარიმოების სროლა, რომელმაც ორივე ჩააგდო და ქართველებს გამარჯვება გაუნაღდა.

დღეს, საქართველოს ნაკრები ლიუბლიანაში დაბრუნდება, დილას კი პარიზის გავლით ქალაქ ანტიბში ჩავა, სადაც 16-17 აგვისტოს სერბეთთან და საფრანგეთთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

 

ამხანაგური მატჩი. იესენიცე. სლოვენია. 14 აგვისტო

ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო (26:18, 15:26, 19:15, 18:22)

საქართველო: ცინცაძე (6ქ, 4მ), ჰიკმანი (10), ფაცაცია (2ქ, 5მ), სანიკიძე (19ქ, 8მ), შერმადინი (9ქ, 7მ); ლეჟავა (9), ფხაკაძე (10), სანაძე (7), მეტრეველი (4), ცქიტიშვილი (5), ბოისა.

www.gbf.ge

0.118865